ჭიჭინაძე: საპროტესტო აქციების დაწყება იმიტომ, რომ რულოვსმა ვერ მოიგო არჩევნები, დიდი არაფრის მომტანია

0

საპროტესტო აქციების დაწყება იმიტომ, რომ სანდრა რულოვსმა ვერ მოიგო არჩევნები, მგონი, ეს დიდი არაფრის მომტანია, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჭიჭინაძე რიგგარეშე/შუალედური არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი განცხადებებით „ქართული ოცნების“ გამარჯვებას უწყობს ხელს.
„საპროტესტო აქციების დაწყება იმიტომ, რომ სანდრა რულოვსმა ვერ მოიგო არჩევნები, მგონი, ეს დიდი არაფრის მომტანია.
თან ჩვენ ნანახი გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციები საბოლოო ჯამში ვერასდროს იძლევა იმ შედეგს, რაც მათ უნდათ. ხალხში ჯერ ძალიან ახალია ის ტკივილი, რომელიც მათ მიერ აქვს საზოგადოებას მიყენებული. აქედან გამომდინარე, ზოგადად ის განცხადებები, რომელსაც არჩევნების წინ აკეთებს მიხეილ საკაშვილი , პირიქით, ალბათ, ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას“- განაცხადა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, “გაერთიანებული ოპოზიციის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ცესკოს ცნობით, მან ამომრჩეველთა ხმების 42,83 % მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი შენგელიამ 54, 19%.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელ ქვეყანას და დამთავრდება შუშის სასახლესთან, ივანიშვილის სასახლესთან,“ – ეს განცხადება სანდრა რულოვსმა გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ 20 მაისს გააკეთა.
სანდრა რულოვსის თქმით, საპროტესტო ტალღა დაიწყება და მთელი საზოგადოება ღიად დააფიქსირებს თავის პოზიციას.

კომენტარები

კომენტარი