აშხაბადში საქართველოსა და თურქმენეთს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

0

აშხაბადში საქართველოსა და თურქმენეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე რიგით მეშვიდე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ხელმძღვანელობს, თურქმენეთის მხრიდან კი – თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვეპა ხაჯიევი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი, საუბარი შეეხო როგორც ორმხრივ, ასევე – მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას.
„კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და თურქმენეთს შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედებების მაღალი დონე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, თურქმენეთის მხარემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
„21 მაისს, ასევე, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის მრეწველობისა და კავშირგაბმულობის სამინისტროში, რომელიც კურირებს თურქმენეთის საავიაციო, სატრანსპორტო და სარკინიგზო დარგებს. მრეწველობისა და კავშირგაბმულობის სამინისტროში განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და საავიაციო სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. თურქმენეთის მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა მინისტრის მოადგილე​ – ხაჯიმურად ხუდაიკულიევი“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი