ჭიჭინაძე შავგულიძის მხარდაჭერის საკითხზე: თუ დაგვიძახებენ საბრძოლველად, მივეხმარებით

“თუ დაგვიძახებენ საბრძოლველად, მივეხმარებით, თუ არ დაგვიძახებენ, დაუპატიჟებელი სტუმრის როლში ვერ ვიქნებით ნამდვილად”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ შუალედური არჩევნების მეორე ტურში შალვა შავგულიძის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ჭიჭინაძე შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შედეგებს მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე  გამოეხმაურა.
„თბილისი უფრო სხვანაირად, უფრო მტკივნეულად რეაგირებს ხელისუფლების ყველა იმ შეცდომაზე, რომელსაც ის უშვებს. თბილისი ცენტრია, ზოგადად, ისტორიუალდაც მიტინგები, საპროტესტო აქციები ყოველთვის მთაწმინდაზე იმართება, პარლამენტი მთაწმინდაზეა. ძირითადად, ხელისფლების ხელმძღვანელობა მთაწმინდის რაიონშია და, ალბათ, ამით ყველაზე სწორი მესიჯი იყო გაგზავნილი, რომ ხელისუფლებას დღეს არ აქვს ის მხარდაჭერა, რომელიც მას თუნდაც 2-3 წლის წინ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ ეს მათთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს. თან ის რესურსი, რომელიც ამოქმედებული იქნა, რაიონებში უფრო ეფექტურად მოქმედებს ყოველთვის, დიდი ხალხის ჩასვლა რაიონებში და, ასე ვთქვათ, მათი ზეგავლენა არჩევნებზე. თბილისში ყოველდღე ხედავენ და იციან, რომ არაფრის გამკეთებლები არიან და რაიონში მაინც ჰგონით, რომ დიდი კაცი ჩამოვიდა და რაღაცას უშველის მათ პრობლემას“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

კითხვაძე – დაუჭერს  თუ არა მხარს არჩევნების მეორე ტურში შალვა შავგულიძეს, დეპუტატი პასუხობს:
„ზოგადად, ეს შავგულიძესა და მის მხარდამჭერ გუნდზეა დამოკიდებული, როგორი მესიჯი იქნება მათგან გამოგზავნილი. თხოვნა, მიმართვა თუ იქნება, რომ ეს იქნება საერთო გამარჯვება „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში პირველი, ამდენი წლის განმავლობაში, მაშინ, ალბათ, ადამიანი დაფიქრდება.
ოპოზიცია, ზოგადად, არ უნდა იყოს დაკავებული ოპოზიციის კრიტიკითა და მისი ლანძღვით  იმიტომ, რომ დღეს ქვეყანაში პრობლემას ხელისუფლება წარმოადგენს, ჩვენ ამას ვხედავთ. თუ დაგვიძახებენ საბრძოლველად, მივეხმარებით  და თუ არ დაგვიძახებენ . . . თქვენ წახლავთ, თუ არსად გეძახიან? დაუპატიჟებელი სტუმრის როლში ვერ ვიქნებით ნამდვილად.
ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვებას მორალური მნიშვნელობა ძალიან დიდი აქვს თავად ოპოზიციისთვის  იმიტომ, რომ ეს იქნება პირველი მარცხი „ქართული ოცნებისა“ ერთი ერთზე ოპოზიციასთან“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ხუთ ქალაქში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს.
მთაწმინდის ოლქში კი არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ცესკო-ს მონაცემებით, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ ხმების 41 % მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 6 036 ხმა. „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ მიიღო ხმების 36,83%, რაც რაოდენობრივად 5 422 ხმაა.
არჩევნების მეორე ტური თბილისში #1 მაჟორიტარულ ოლქში არაუგვიანეს 13 ივნისის ჩატარდება. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა  ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, არჩევნების საბოლოო შედეგების დასათვლელად საოლქო საარჩევნო კომისიებს ვადა 30 მაისამდე აქვთ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები