ირაკლი ზარქუა: ოპოზიცია ბაღების თემით სპეკულირებს და არჩევნებზე შელახული იმიჯის განეიტრალებას ცდილობს

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა  თბილისის ბაგა-ბაღების კვებით მომარაგებასა და კომპანია „ნილზე“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის – ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიცია ამ თემაზე გაკეთებული განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და არჩევნებზე შელახული იმიჯის აღდგენას ცდილობს. რაც შეეხება კომპანია “ნილთან” ბაგა-ბაღების კვებით მომარაგებაზე გაწყვეტილ ხელშეკრულებას, ირაკლი ზარქუა განმარტავს, რომ თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა კომპანია რამდენჯერმე დააჯარიმეს, რადგან ბაღებში მიწოდებული პროდუქტის ხარისხი ტექნიკურ რეგლამენტს არ შეესაბამებოდა.
„კომპანია „ნილი“, რომელიც რამდენიმე წლის წინ ტენდერის საფუძველზე შეირჩა, საკუთარ მოვალეობას ასრულებდა, თუმცა ჰქონდა გარკვეული პრობლემები, რის გამოც დაჯარიმდა. მას შემდეგ, რაც მათ ანგარიშებს ყადაღა დაედო, ისინი ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგებას ვეღარ შეძლებდნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და კომპანია “ნილს” ხელშეკრულება შევუწყვიტეთ. იმ დრომდე, სანამ ტენდერის საფუძველზე ახალ გენერალურ მომმარაგებელს გამოვავლენთ, გარდამავალ პერიოდში  ბაღებს საკვები პროდუქტებით მომარაგების პრობლემა არ შეექმნებათ. ჩვენ დირექტორებს ვთხოვეთ, რომ ინდივიდურ პირობებში დისტრიბუტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები გააფორმონ. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან კარგად იცის ოპოზიციამ, თუმცა ისინი მაინც ცდილობენ ბაღების თემით სპეკულირებას. ფიქრობენ, რომ ამით არჩევნებზე შელახული იმიჯის განეიტრალებას შეძლებენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები