მდინარაძე გაბუნიას: არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩვენ ვნახეთ „Ipsos უკრაინის” კვლევა, თქვენ მოატყუეთ საზოგადოება, რომ ეს იყო „Ipsos საფრანგეთის” კვლევა

„არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩვენ ვნახეთ „Ipsos უკრაინის” კვლევა, თქვენ მოატყუეთ საზოგადოება, რომ ეს იყო „Ipsos საფრანგეთის” კვლევა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2-ის” თოქშოუ „არჩევანში” განაცხადა.
გადაცემის წამყვანის გიორგი გაბუნიას თქმით, შესაძლოა, ჟურნალისტების მხრიდან იყო შეცდომა, თუმცა არხმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ „იპსოსი” საფრანგეთში დაარსებული კომპანიაა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის რუსულ-უკრაინული ფილიალი და მისი ხელმძღვანელი რუსია, რისი ნახვაც მდინარაძის განმარტებით ინტერნეტშიც ადვილად შეიძლება.
მდინარაძის განმარტების საპასუხოდ გადაცემის წამყვანმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან კავშირს არ დააბრალებენ.
„მე მგონია, რომ რუსულ-უკრაინული Ipsos-ის შემთხვევაშიც კვლევა CRRC-მ ჩაატარა. ხედავთ, როგორ მეკამათებით იქ, სადაც მეტი პრობლემაა. ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ ჰკითხა „Ipsos საფრანგეთს” და მან თქვა, რომ არ ჩაუტარებია ეს კვლევა და არ უთქვამს, რომ ეს მათი ფილიალია. რატომ, არ ვიცი. კითხვა მეც მაქვს და, იქნებ, ჩვენ ერთად ვუპასუხოთ ამ კითხვაზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით, მაგალითად, NDI-ის, ანუ CRRC-ის ნდობის რეიტინგი და “Ipsos-ს საფრანგეთის”, ანუ სათავო ოფისის მიერ ჩატარებული ნდობის რეიტინგი აბსოლუტურად სცდება ერთმანეთს. „თუ თქვენ ენდობით „Ipsos-ს საფრანგეთს”, მით უმეტეს, სათავო ოფისს, რატომ არ სვამთ შეკითხვას – იმ ხალხმა რომ თქვა, სასამართლოს ნდობის რეიტინგი 50%-ზე მეტიაო, აქ, NDI-ის კვლევაში სხვანაირად არის, რომელიც CRRC-მ უზრუნველყო თავის საველე სამუშაოთი. ეს კითხვა არ ისმება, ან როგორ ხდება, რომ ორი დღით ადრე რაღაც რეიტინგი ვნახეთ, ორი დღის შემდეგ კიდევ რაღაც რეიტინგი ვნახეთ და 40%-ით სცდება ესენი ერთმანეთს. აქ არის უსერიოზულესი პრობლემა. გამიმხილეთ, ვის ჩაატარებინეთ იპსოსი-ს შემთხვევაში საველე სამუშაოები და უფრო დაბეჯითებით ვიტყვი, რამდენად უნდა ვენდოთ; მაგრამ როგორ უნდა ვენდოთ, აბსოლუტურად აცდენილი იყო საარჩევნო რეალობას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რაზეც გიორგი გაბუნიამ უპასუხა, რომ, როგორც წესი, სხვა კვლევების შემთხვევებშიც და ახლაც არასოდეს ინტერესდებიან, ვის ატარებინებს ეს კომპანია კვლევას. „გამორიცხულია, არ გაინტერესებდეთ, რადგან იქაც ან CRRC იქნება, ან მეორე ორგანიზაცია, სახელიც კი არ მახსოვს, რომელიც “ნაცებთან” არის ასოცირებული. ეს ჩემი ვარაუდია და თუ ეს ვარაუდი გამართლდა, ხომ უფრო მართალი, ან უფრო მტყუანი გამოვჩნდები. ახლავე შეგიძლიათ, უთხრათ პროდიუსერებს, მოიძიონ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები