ირაკლი კობახიძე: სულ მცირე ყოველი მეორე ამომრჩეველი ,,ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს

0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ,,იმედის” პირდაპირ ეთერში შიდა კვლევებთან და ,,ქართული ოცნების”მიმართ საზოგადოების განწყობებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, სულ მცირე ყოველი მეორე ამომრჩეველი მხარს ,,ქართულ ოცნებას” უჭერს.

,,დაახლოებით განწყობა არის ის, რომ სულ მცირე ყოველი მეორე ამომრჩეველი კვლავაც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას”. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ ეს ამომრჩეველი არის სრულად კმაყოფილი იმ პოლიტიკით, რომელიც ხორციელდება „ქართული ოცნების” მხრიდან, თუმცა დაახლოებით, ასეთია მხარდაჭერა, მინიმუმ ყოველი მეორე ამომრჩეველი ხვალ ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას” მაგალითად, რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები. ეს არის დღევანდელი სურათი და თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა და ამის ნიშნები სამწუხაროდ, არ ჩანს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ, რა თქმა უნდა, სასურველია სახელმწიფოსთვის ოპოზიციის გაძლიერება, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ იკვეთება ამის ნიშნები. ყოველ შემთხვევაში მომავალ წლამდე ამის მოლოდინი სამწუხაროდ, დღეს არ შეიძლება გვქონდეს. ასეთია საზოგადოების განწყობა. ყოველი მეორე ამომრჩეველი, ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი მეორე ამომრჩეველი არის სხვა პოლიტიკური პარტიების მხარეს, რაც არის დემოკრატიაში აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი მოვლენა და ეს შეგვახსენებს ჩვენ იმას, რომ უნდა ყოველდღიურად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკა იყოს უფრო მეტად დახვეწილი და სახელმწიფოს სჭირდება სწრაფი განვითარება. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 7-8 წელი იმისათვის, რომ დავუახლოვდეთ ევროკავშირის მინიმალურ სტანდარტს. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ეს არის, მათ შორის, იმ მემკვიდრეობის დამსახურება, რომელიც დაგვიტოვა ჩვენ ნაციონალურმა მოძრაობამ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ 150 ათასი ადამიანი. როდესაც დღეს საუბრობენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სიღარიბეზე, ეს მემკვიდრეობაც გაიხსენონ ხოლმე, რაც დაგვიტოვეს 2012 წელს. არის უამრავი პრობლემა ჩვენი ქვეყნის წინაშე. გვჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება იმისათვის, რომ დავუახლოვდეთ ჩვენ მინიმალურ ევროპულ სტანდარტს, ეკონომიკური განვითარების და სოციალური განვითარების და ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, ყოველდღიური ძალისხმევა და ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი.როდესაც საუბარია იგივე პერსონალურ რეიტინგებზე, ჩემს რეიტინგზე, სხვა პოლიტიკოსის რეიტინგზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვატარებთ კვლევებს იმისათვის, რომ გავზომოთ საკუთარი რეიტინგები და ეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს სტიმულს იმისათვის, რომ განვითარდეთ და უფრო მეტი რამ შევთავაზოთ საზოგადოებას. გვქონდეს მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ჩემთვისაც, ის რეიტინგი, რომელიც არის მოცემული ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევებში, არის, ბუნებრივია, სტიმული იმისათვის, რომ რაღაცა დავხვეწო ჩემს პირად საქმიანობაში.

მთავარია, ვიყოთ ჩვენ ორიენტირებულები საზოგადოებაზე, საზოგადოების განწყობაზე და ეს აუცილებლად ასეც იქნება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი