დე ფაქტო აფხაზეთში ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქცია გამოაცხადა და სოხუმამდე მისასვლელი გზები გადაკეტა

დე ფაქტო აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა უვადო საპროტესტო აქციები მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც უარი მიიღეს საპრეზიდენტო არჩევნების ივლისიდან შემოდგომაზე გადატანაზე. მათ წუხელ სოხუმამდე მიმავალი ორი გზა გადაკეტეს.
“დაბლოკილია გადასასვლელი მდინარე ბზიფზე, გაგრის რაიონში და სოფელ ტამიშში, ოჩამჩირის რაიონში”, – აცხადებს ოპოზიციის წარმომადგენელი, მიზან ზუხბა.
ინფორმაცის გზების გადაკეტვის შესახებ, ასევე, ადასტურებს დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი, გარი არშბა.
“დიახ, ბზიფსა და ტამიშში გზები გადაკეტეს. ასეთი ქმედებები უკანონოა და უნდა აღიკვეთოს”, – აცხადებს არშბა.
სოხუმის ცენტრში, “პარლამენტის” შენობასთან საპროტესტო აქციები გრძელდება. მედიის ცნობით, იქ ასობით ადამიანი იმყოფება. “ხელისუფლების” წარმომადგენლები მომიტინგეებთან არ გამოსულან.
ოპოზიცია მოითხოვს დე ფაქტო აფხაზეთის საპრეზიდენტოს არჩევნების 21 ივლისიდან 23 ნოემბერში გადატანას, ვინაიდან მათი კანდიდატი – ასლან ბჟანია ავადაა. მისი მომხრეები და ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ის, შესაძლოა, მოწამლეს. გუშინ, 20 მაისს “პარლამენტმა” უარი განაცხადა არჩევნების გადატანაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები