არჩილ თალაკვაძე: ენმ-მ თავისივე ჩატარებულ კვლევაშიც ვერ დამალა “ქართული ოცნების” უპირატესობა

“თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებისა, რომელსაც ისინი ამბობენ, რომ მათ ჩაატარეს – და კომპანია, რომელსაც ჩაატარებინეს, რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობს – მნიშვნელოვანია, რომ ისინი ამ კვლევაში არ საუბრობენ “ქართული ოცნების”  კანდიდატის და ზოგადად, კანდიდატების რეიტინგზე ზუგდიდის არჩევნებში, რაც კიდევ ერთხელ აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მათაც აქვთ მონაცემები, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი გეგა შენგელია ფლობს დამაჯერებელ უპირატესობას და მას აქვს რეალური შესაძლებლობა, პირველივე ტურში გაიმარჯვოს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მათ მიერ ჩატარებულ კვლევაშიც კი ვერ დამალა, რომ “ქართულ ოცნებას” არჩევნებზე უპირატესობა აქვს. მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერებს პროვოკაციებისკენ მოუწოდებს. თალაკვაძე ამბობს, რომ ოპონენტების რეალური მიზეზი საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციაა.

“მიუხედავად იმისა, რომ გადაკეთებული მონაცემები გამოაქვეყნეს, ამ მათ მიერ ჩატარებულ კვლევაშიც კი ბოლომდე  ვერ დამალეს რომ “ქართულ ოცნებას” აქვს უპირატესობა და ეს ჩანს ამ კვლევაში. როგორც გითხარით, ჩვენ წინა დღეებში გვქონდა უკვე ეს მონაცემები და სწორედ ამით აიხსნება ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაძაბულობისკენ, პროვოკაციებისკენ მოუწოდებს მხარდამჭერებს და მათი რეალური მიზანი, პირველი მთავარი მიზანი არის არჩევნების დისკრედიტაცია და მისი ჩაშლაც კი თუ შედეგები კენჭისყრის პროცესისა მათთვის და მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იქნება მიუღებელი. საბოლოოდ, ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ ძალისხმევა გამოიჩინონ არჩევნების დაკვირვების პროცესში, რათა ყოველგვარი სუბიექტური არგუმენტი იყოს გამორიცხული. ჩვენ ჩავატარეთ მშვიდი, საქმიანი კამპანია, ჩვენი სურვილით. მოწოდება არის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში და ეს ასეც იქნება. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩრდილი მიაყენოს და რაიმე საფრთხე შექმნას, მით უმეტეს, იმ რეგიონში, სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესები და საზოგადოების უსაფრთხოება არის ნომერ პირველი ამოცანა. დემოკრატია ამ რეგიონში არის უსაფრთხოების ნაწილი”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები