“გორმედში” პალატიდან მამაკაცი ჩაძინებულ ოჯახის წევრს გაეპარა და კედლებს შორის ჩავარდა – პაციენტი მაშველებმა ამოიყვანეს
52 წლის მამაკაცი, რომელიც „გორმედში“ მკურნალობდა, პალატიდან გაიპარა და საავადმყოფოს კედლებს შორის ჩავარდა.
პაციენტი კედლებიდან საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ბრიგადამ გამოიყვანა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხდეს, შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.
მათივე თქმით, შუახნის მამაკაცი უვნებელი გამოიყვანეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ კლინიკის ხელმძღვანელს, დავით ყაზაიშვილს დაუკავშირდა.
როგორც დავით ყაზაიშვილმა განაცხადა, პაციენტი პალატიდან იმ დროს გაიპარა, როდესაც მის ოჯახის წევრს ჩაეძინა.
ამასთან, კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პაციენტი ექთანმაც ვერ შენიშნა, რადგან ის სხვა, უფრო მძიმე ავადმყოფთან იმყოფებოდა.
კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პაციენტი, რომელიც კედლებს შორის ჩავარდა, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას აგრძელებს და რამდენიმე დღეში გაეწერება.
“ჩვენს კლინიკაში 52 წლის მამაკაცი, დაახლოებით, 8-9 დღის წინ მოათავსეს. მას ქალა-ტვინის მძიმე ღია ტრავმა აღენიშნებოდა, ფიქსირდებოდა ტრავმული სისხლჩაქცევა, ქალას ძვლების მოტეხილობა, სისხლჩაქცევა თავის ტვინში. ჩატარებული მრავლობითი კვლევების საფუძველზე, ოპერაციის ჩატარება საჭიროდ არ მივიჩნიეთ,
თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. პაციენტი 8-9 დღის განმავლობაში მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მას შემდეგ, რაც დინამიკაში მდგომარეობა გაუმჯობესდა, აპარატიდან მოიხსნა და, სასიცოცხლო ყველა ფუნქციის სტაბილიზაციის შემდეგ, პაციენტი პალატაში გადავიყვანეთ. ფიქსირდებოდა ფსიქოპათოლოგია (თავის ტვინის დაჟეჟილობიდან გამომდინარე), მაგრამ ფსიქოპათოლოგია დროში განვლადი პროცესია და, შესაბამისად, რეანიმაციულ განყოფილებაში მისი დატოვების აუცილებლობა აღარ იყო. პაციენტს თავზე ადგნენ ოჯახის წევრები, გამოვიდა პალატიდან და საავადმყოფოს შენობის კედლებს შორის არსებულ სეისმომედეგობის სივრცეში ჩავარდა. როდესაც პაციენტი დერეფანში გამოვიდა, მისი მოძრაობა ვერ შენიშნა მედდამ, ვინაიდან იგი მძიმე პაციენტთან იმყოფებოდა. ცოტა ხნის შემდგომ კი პალატების შემოვლისას სწორედ მედდამ აღმოაჩინა, რომ მამაკაცი პალატაში არ იმყოფებოდა, გააღვიძა მისი თავზემდგომი მეუღლე და კლინიკის სხვა პერსონალთან ერთად დაიწყეს მამაკაცის ძებნა. აღმოჩნდა, რომ პაციენტი ისეთ ადგილას იმყოფებოდა, რომ მისი გამოყვანა მხოლოდ სამაშველო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით გახდა შესაძლებელი. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და დადგინდა, რომ აღნიშნული ფაქტით მის ჯანმრთელობას დამატებითი პრობლემები არ შექმნია, იგი აგრძელებს მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა ყველა სხვა პარამეტრით სტაბილურია და ექვემდებარება შინ გაწერას, თუმცა ველოდებით, რომ დასტაბილურდეს არსებული ფსიქოპათოლოგია და ერთ-ორ დღეში კლინიკიდან გავწერთ“, – აცხადებს დავით ყაზაიშვილი.