არასამთავრობოები – არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ სიტუაციის უფრო გამწვავებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი

„მიგვაჩნია, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ სიტუაციის უფრო გამწვავებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი”, – ამის შესახებ არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მესამე სექტორი პოლიტიკურ პარტიებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს.
„მიგვაჩნია, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ სიტუაციის უფრო გამწვავებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კანდიდატს საშუალება ჰქონდეს, მშვიდ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია და ამომრჩეველს ხელი არ შეეშალოს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვაში.
რამდენიმე დღის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატსა და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დროისთვის, პოლიციამ დააკავა ერთი პირი. სამი დღის წინ, ასევე, გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” ზუგდიდის საკრებულოს წევრი – გია დანელია ფიგურირებს. ჩანაწერში ისმის, როგორ საუბრობს დანელია მიღებულ ინსტრუქციაზე, რომელიც ეხება ამომრჩეველზე ზეწოლას, მოსყიდვასა და გატაცებას. ჯერჯერობით უცნობია, ეს ჩანაწერი როდის არის გაკეთებული.
გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატზე თავდასხმისა და ვიდეოჩანაწერისა, ბოლო დღეებში სიტუაცია რამდენიმეჯერ გამწვავდა ზუგდიდის საკრებულოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
ჩვენი ინფორმაციით, არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესებში ჩასართველად კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერი პარტიების მიერ მობილიზებულია რამდენიმე ათასი ადამიანი, რის გამოც არსებობს მხარეებს შორის ფიზიკური კონფრონტაციის მაღალი რისკი.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აგრესიისა და დაპირისპირებისგან, რათა საარჩევნო პროცესებს გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს.
ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცველ და საგამოძიებო უწყებებს, პოლიტიკური მიუკერძოებლობის დაცვით, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა კანონიერი რესურსი საზოგადოებრივი წესრიგის უზუნველსაყოფად და შესაძლო კანონდარღვევის ფაქტების გამოსაძიებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ცენტრი “ემპათია” და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები