შოთა გულბანი: დასაქმების შემცირების პროცესი შეუქცევადია, რაც ძალიან კარგია
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” თავმჯდომარე, შოთა გულბანმა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებისა და უმუშევრობის 2018 წლის დაზუსტებულ მაჩვენებლებზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, მისასალმებელია, რომ უმუშევრობის დონე 12,7%-მდე შემცირდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან დასაქმება კვლავ ნომერ პირველ პრობლემად რჩება საქართველოში.
„მიუხედავად ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში შემცირების ტენდენცია შეუქცევადია. 2012-18 წლებში უმუშევრობის დონე ყოველ წელს ეტაპობრივად მცირდება და ეს არის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები. გარდა ამისა, 2018 წლის უმუშევრობის დონე ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია“, – განაცხადა შოთა გულბანმა.
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” თავმჯდომარის განცხადებით, საგულისხმოა, რომ 2018 წლის მონაცემებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება თვითდასაქმებულთა რაოდენობას და დაქირავებით დასაქმებულთა წილმა მთლიან დასაქმებაში 50.8% შეადგინა. 2018 წელს პირველად დაფიქსირდა, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა აჭარბებს თვითდასაქმებულთა რაოდენობას. შოთა გულბანმა აღნიშნა, რომ დასაქმება იზრდება ეკონომიკის პროდუქტიულ სექტორებში და ფიქსირდება თვითდასაქმებულთა გადასვლა დაქირავებით დასაქმებულთა კატეგორიაში.
შოთა გულბანმა დადებითად შეაფასა თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლების მაჩვენებელი და განაცხადა, რომ თვითდასაქმებულთა დიდი ხვედრითი წილი დასაქმებულთა მთლიან მაჩვენებელში ყოველთვის იყო პრობლემა გამომდინარე იქედან, რომ დასაქმებულთა ეს კატეგორია, ძირითადად, სოფლის მეურნეობაშია ჩართული, რომელიც არ გამოირჩევა მაღალპროდუქტიულობით, მასზე მშპ-ს, დაახლოებით, 8% მოდის.
„ბოლო მონაცემებით ვხედავთ, რომ 10,4%-ით შემცირდა ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, ეს კი სწორ პოლიტიკაზე მეტყველებს, რომელიც ტარდება სოფლის მეურნეობის დარგში“, – განაცხადა “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” თავმჯდომარემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2017 წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7% შეადგინა.