ნაფეტვრებიდან-ქვემო წყლულეთამდე და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზისა და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
ფონდის ცნობით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
„სამუშაოები ითვალისწინებს 20 კილომეტრზე მეტი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, წყალამრიდი მილების, გაბიონის, საყრდენი კედლის, მიერთებების, ეზოში შესასვლელებისა და ფოლადის თვალამრიდების მოწყობას. ნაფეტვრებიდან-ქვემო წყლულეთისა და ლისი-მუხაწყაროს არსებული გზა გრუნტის იყო, რის გამოც მოსახლეობასა და დამსვენებელს გადაადგილება ძალიან უჭირდა. განსაკუთრებით გადაადგილება რთულდებოდა წვიმის დროს, რადგან სანიაღვრეები არ არსებობდა და პირდაპირ გზაზე მიედინებოდა წყალი, გზის რეაბილიტაციის შემდეგ კი მოსახლეობა და დამსვენებლები უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებენ“, – აცხადებენ ფონდში.