ნინო ლომჯარია: მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ გამოიჩინოს მაქსიმალური პასუხისმგებლობა

„მინდა, მივმართო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ გამოიჩინოს მაქსიმალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნების დღეს იყოს თავიდან არიდებული დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირება“, – ამის შესახებ შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, სახალხო დამცველი არ გამორიცხავს, რომ ზუგდიდში არჩევნების დღეს დაპირისპირება მოხდეს.
მისივე თქმით, ის თვალს ადევნებს წინასაარჩევნოდ მიმდინარე მოვლენებს და აქტიური კომუნიკაცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
„ჩემთვის საყურადღებო იყო ის ფაქტი, რაც რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა; განსაკუთრებით, როდესაც ზუგდიდში ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტს. ველოდები, რომ შსს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მიმართულებით დაიწყებს გამოძიებას და არა მხოლოდ ცემის მიმართულებით“, – განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი მიმართავს პარტიებს, მაქსიმალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ.
„ჩემი წუხილის საგანია, რომ არსებობს ძალიან მაღალი რისკი დაპირისპირების. მე მესმის, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მობილიზაციას უწევს თავის მხარდამჭერებს არჩევნების დღეს. მინდა, მივმართო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ გამოიჩინოს მაქსიმალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნების დღეს იყოს თავიდან არიდებული დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირება. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ეს იქნება თითოეული მათგანის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისი თქმით, ასევე, უნდა იმუშაოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ძალადობის თითოეულ ფაქტზე მოახდინოს რეაგირება, უპირველესად კი, მოახდინოს მათი პრევენცია და შემდეგ ეფექტიანი პასუხისმგებლობის ზომები გაატაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები