არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის სამაგიდო სიების, საუბნო საარჩევნო კომისიისა და რეგისტრატორების ბეჭდების გადაცემის პროცესში კანონდარღვევას ვერ ხედავს.
როგორც ბენიძემ “კვირას” განუცხადა, მთავარია, დოკუმენტაცია და ინვენტარი იყოს დალუქული და მათი გახსნა განხორციელდეს ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს.
“სამაგიდო სიებისა და სხვა მასალების ოდნავ ადრე გაცემაში, ამ შემთხვევაში, კანონდარღვევა ნამდვილად არ იკვეთება. მთავარია, რომ იმ მასალების მთლიანობა არ დარღვეულყო – ყოფილიყო დალუქული, არ გამოყენებულიყო რაიმე არაკანონიერი მიზნებისთვის, რაიმე მანიპულაციებისთვის. თუ დალუქული მასალები გაიხსნა, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს დარღვევა იქნებოდა, თუმცა, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გვაქვს, ჯერჯერობით, ასეთი რამ არ იკვეთება. თუ რაიმე განსხვავებული ინფორმაცია არსებობს, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაციაც გასაჯაროვდეს. ამასთან, კარგია, რომ შემდგომი მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის. ამან შესაძლოა, ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესისადმი ნდობას. ჩვენ განსაკუთრებულად დავაკვირდებით არჩევნების დღეს და ყველა ნიუანსს მივაქცევთ ყურადღებას”, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს – ბენიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოირიცხოს ძალადობრივი და მოსყიდვის ფაქტები, რათა ამომრჩეველმა თავისი ნება თავისუფლად გამოხატოს.
“რაც შეეხება საარჩევნო გარემოს – განსაკუთრებით სწორედ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვნახეთ რამდენიმე საკმაოდ კონკრეტული ფაქტი, მათ შორის, ძალადობრივი ინციდენტიც, როცა კანდიდატსა და ჟურნალისტური საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი, რაც ყოვლად მიუღებელია და ვფიქრობ, რომ ასეთ ფაქტებს საარჩევნო პროცესში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. აქ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაიწყო და რეაგირება ჰქონდათ სამართალდამცავ უწყებებს, მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არ გამოიკვეთოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ასპექტიც. ამასთან ერთად, ჩვენ ვნახეთ ფარული ჩანაწერიც, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია და გაჟღერებული ინფორმაცია რეალურია. ცხადია, ეს ყველაფერი ძალიან პრობლემურია. გამოძიება უნდა დაინტერესდეს, გამოვლინდეს სქემა, თუ საიდან გაიცემა მსგავსი სახის მითითებები. ნებისმიერი მცდელობა, რომელიც საარჩევნო პროცესს ძალადობრივი მიმართულებით წაიყვანს, ცხადია, საფრთხეს უქმნის საარჩევნო გარემოს და ხელს უშლის იმას, რომ ამომრჩეველმა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება”, – აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გუშინ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხიას თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. ამ მოთხოვნის მიზეზად კი ის გარემოება დაასახელეს, რომ 50-მდე უბანზე უკვე გატანილია სამაგიდო სიები და ბეჭდები, რაც, მათი თქმით, დარღვევაა. თუმცა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნების დარღვევას.