ჩუგოშვილი: ოპოზიცია ამბობს, რომ 5 ათას კაცზე მეტია ზუგდიდში ჩასული, იმედია, ეს არ ემსახურება იმას, რომ დამატებითი ესკალაცია მოხდეს

“ეს დაძაბულობა ძალიან ცუდია და ცუდ ფონს ქმნის საარჩევნო პროცესებისთვის. მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია და, პირველ ყოვლისა, ჩვენთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, წყნარ და მშვიდ ვითარებაში მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს არჩევანი”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
“როგორც ჩანს, ეს რამდენიმე დღე ზუგდიდში დაძაბული იქნება. ვფიქრობთ, ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩვენს კანდიდატს საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს და, რა ინფორმაციაც გვაქვს, შანსიც აქვს, რომ არჩევნები მათ შორის პირველ ტურშიც დაამთავროს. თუმცა, ეს წინასწარ ცოტა რთული სათქმელია. ალბათ, ამ ვნებათაღელვის მთავარი მაპროვოცირებელი ეს არის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება საარჩევნო მასალების გადაცემას – მისი თქმით, საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციაა და ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
როგორც მან აღნიშნა, ყველა შესაბამისი უწყება ორიენტირებულია, რომ წესრიგი უზრუნველყოფილი იყოს.
„რა კომუნიკაციაც სახელმწიფო უწყებებთან მაქვს, განსაკუთრებით – შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომლის პასუხისმგებლობაცაა წესრიგის შენარჩუნება, ყველა მაქსიმალურად არის მომართული და ორიენტირებული, რომ წესრიგი უზრუნველყოფილი იყოს. როგორც ვიცი, ჩვენი ოპონენტებისგან ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანები არიან მობილიზებული ზუგდიდში სხვადასხვა რეგიონიდან. გუშინ გააკეთეს განცხადება, რომ 5 ათას კაცზე მეტი არის საქართველოდან ზუგდიდში ჩასული და ასეთი დიდი რაოდენობით ადამიანების მობილიზება იმედია, არ ემსახურება იმას, რომ დამატებითი ესკალაცია მოხდეს ადგილზე“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, აბსურდია ოპოზიციის განცხადებები, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ძალადობრივი მეთოდებით აპირებს.
„რომელ ძალადობრივი მეთოდებით შენარჩუნებაზეა საუბარი. ამომრჩევლის ხმა დაცული და ფარულია. უამრავი დამკვირვებელი აკვირდება საარჩევნო პროცესს და არჩევნების შედეგების ძალადობრივი ჩარევებით რამე ფორმის უხეში მანიპულაცია შეუძლებელია“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები