ლადო კახაძე: ნებისმიერი ინციდენტი, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუარესებისკენაა მიმართული, რუსეთისგანაა წარმოებული

“ნებისმიერი ინციდენტი, რომელიც იქნება დამაზიანებელი ჩვენი სახელისა და იმიჯისათვის, საარჩევნო გარემოს გაუარესებისათვის, ეს არის რუსეთისაგან წარმოებული”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე გუშინ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს.
როგორც კახაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, რუსეთის ინტერესი საქართველოში სიტუაციის არევაა.
„როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ყველანი მეცხრე ცაზე ვიყავით. საქართველოს მოსახლეობის 94% იყო გამარჯვებული. ბევრს ეს არ მოეწონა, განსაკუთრებით – ჩრდილოელ მეზობელს. საქართველო დამოუკიდებლობის გზაზე თავის პოტენციალის გამომჟღავნების დროს ღირსეულ ადგილს მოითხოვდა და მოითხოვს კიდეც, რომელიც მას ეკუთვინის ცივილიზაციაში. მე ყოველთვის ვაბობ, თუ ჩვენ შორის რაიმე დაპირისპირებაა, ეს არის გარედან ინსპირირებული. ქართველებს შიგნით ძალიან ადვილად შეგვიძლია მორიგება. ჩვენ ერთმანეთს ვეკამათებით, ვეომებით, ვეჩხუბებით, მაგრამ შემდეგ მარჯვენას გავუწვდით ხოლმე და ცრემლს მოვწმენდთ ერთმანეთს. ასე ვცხოვრობდით ქართველები. მაგრამ მათ ინტერესში შედის, რომ ჩვენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადავემტეროთ ერთმანეთს და იმ ინსპირირებით, „ჩორტის“ ჩაგდებით, ერთმანეთზე ამხედრებით საერთო საქმე გაგვიფუჭონ. ამიტომ თუ კიდევ რაიმე ინციდენტი იქნება, მე ყველას ვაფრთხილებ გულწრფელად, როგორც შვილების თაობის წარმომადგენლებს, ისე – ჩემი თაობის წარმომადგენლებს, ამ პროვოკაციაზე ნუ წამოეგებით. თქვენ გამოგიყენებენ ქვეყნის საზიანოდ. ნებისმიერი ინციდენტი, რომელიც იქნება დამაზიანებელი ჩვენი სახელისა და იმიჯისათვის, საარჩევნო გარემოს გაუარესებისათვის, ეს არის რუსეთისაგან წარმოებული. იმათ არ ვუნდივართ ჩვენ თავისუფლები, კარგად მოპაექრენი; იმათ ვუნდივართ ფეხის დამდებები, ერთმანეთზე ძვირის მთქმელები, მუშტის დამრტყმელები, რომ სიტუაცია აირიოს. გავფრთხილდეთ ყველა. ერთმანეთს მოვეფეროთ, ვიკამათოთ, ვიდავოთ, მაგრამ ეს გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთმანეთზე უპირატესობა მოვიპოვოთ არგუმენტით. ეს არგუმენტი წონადი უნდა იყოს“, – განაცხადა კახაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დადიანების სასახლეში, ბოტანიკურ ბაღში, სადაც გადაცემა “ლუსტრაციას” ჩაწერა მიმდინარეობდა, დაპირისპირება მოხდა.
კერძოდ, ტელეკომპანია “ოდიშის” ცნობით, პარტია “ქართული ოცნების” კოორდინატორები ყვირილითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსს, გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და მათ ფიზიკურადაც შეეხნენ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები