ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს ხედვა, როგორ გადავჭრათ რეგიონის პრობლემები

  სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლესაში, სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. პროექტის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ მიაწოდა. მისი განმარტებით, სამუშაოები ივნისში დასრულდება, რის შემდეგადაც რეაბილიტირებული არხები ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიცილაპიტეტების სოფლების 400-მდე ჰექტარი მიწის ფართობს მოემსახურება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მელიორაცია სოფლის მეურნეობის განვითარების საკვანძო ელემენტს წარმოადგენს, რადგან მის გარეშე მოსავლიანობის ზრდა წარმოუდგენელია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო სამელიორაციო კომპანიის მეშვეობით ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო სამუშაოები ტარდება, რომლის შედეგადაც მხოლოდ 2014 წელს დამატებით გასარწყავებული იქნება 100 ათასამდე ჰექტარი მიწის ფართობი. მთავრობის მეთაური სოფლის მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო.
“ყველა რეგიონში ერთსა და იმავე პრობლემებს ვაწყდებით. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ხედვა, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემები. წარმატებით ხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით განათლების სისტემაში, სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ყველა რეგიონში უნდა აღორძინდეს ტრადიციული მეწარმეობა. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით მეწარმეებს, რომ განვავითაროთ ეკონომიკა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ადგილობრივებმა პრემიერს სოფლის გაზიფიცირებ და ფერმებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სთხოვეს, რაშიც მან დახმარება აღუთქვა. ამასთან, გაირკვა, რომ სოფელს ახალი საბავშვო ბაღი აუშენდება და კულტურის სახლის რეკონსტრუქცია მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები