გია ვოლსკი: გავრცელებულ ჩანაწერში გია დანელიას განცხადება აბსურდია, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება

“ეს აბსურდია, მაგრამ აბსურდს პასუხი უნდა გაეცეს. თემა არის, რომელიც გამოძიებას საჭიროებს. არ შეიძლება, ადამიანს მიადგე და პირდაპირ ბრალდება წაუყენო, მოსაზრებები მასაც აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს საკითხი “ქართული ოცნებისთვის” დამაზიანებელია.
„გია დანელია „ქართული ოცნების“ მომხრეა თუ მოწინააღმდეგე, რას ამბობს, იმას დააკვირდით – ე.ი. ფული დაარიგეთ, დააშინეთ; ვინც არ დაშინდება, სახლში დასვით; ვინც სახლში არ დაჯდება, ფულს არ აიღებს, საწამებლად წაიყვანეთ, გაიტაცეთ და იმ ჯურღმულებში ჩაიყვანეთ, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გათხარა. ეს არის ის, რაც ამ ჩანაწერიდან მოვისმინეთ. ეს სერიოზულად მაღელვებს და ასეთ განცხადებას მკაცრად შევაფასებდი, რადგან ის თემა არ არის, რაც ახასიათებს „ქართულ ოცნებას“. აბსურდული განცხადებაა გაკეთებული, თვითონაც წარმოიდგინეთ, საუბარი რა მასშტაბზეა და, თითქოს, მოსახლეობა ასე ადვილად მოსასყიდი ან სახლში დასასმელი ან გასატაცებელია.
​ეს აბსურდია, მაგრამ აბსურდს პასუხი უნდა გაეცეს. თემა არის, რომელიც გამოძიებას საჭიროებს. არ შეიძლება, ადამიანს მიადგე და პირდაპირ ბრალდება წაუყენო, მოსაზრებები მასაც აქვს, მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ ასეთი რამე იმდენად დამაზიანებელია, ბუნებაში არარსებული საკითხის ასეთი ფორმით დემონსტრირებას პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისათვის, პროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ფარულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი – გია დანელია მეორე პირს უხსნის, წინასაარჩევნოდ რა დავალებები მიიღეს „ზევიდან“. მათივე ინფორმაციით, „ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად. ვისაც ვერ მოისყიდიან, დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ“. გია დანელია გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს გაუგებრობასა და მონტაჟს უწოდებს.
​„ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული დისკრედიტაცია ჩემ მიმართ. ეჭვქვეშ ვაყენებ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას. ესაა გაუგებრობა და მონტაჟი“, – განაცხადა გია დანელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები