“როცა ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, სტრატეგიულ პარტნიორთან არ უნდა დავუშვათ სიტუაციის გამწვავება”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანში დავით გარეჯთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრა კონსტრუქციულად ჩაივლის.
მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარე მზადაა, რომ ეს პროცესი კონსტრუქციულ ჭრილში გადავიდეს.
„შეხვედრა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ვართ იმ დღიდან დაწყებული, როდესაც იქ პრობლემები შეიქმნა. იმედი მაქვს, რომ ის კონსტრუქციულად ჩატარდება ისე, როგორც შეესაბამება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ამის საფუძველს მაძლევს ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგისგან მიღებული ინფორმაცია, რომ ისინიც მზად არიან, ძალიან კონსტრუქციულ ჭრილში გადავიყვანოთ ეს პროცესი“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, რომ აღნიშნული თემით სპეკულირებისგან თავი შეიკავონ.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, აქ არ შეიძლება პოლიტიკური ქულების დაწერა. აქ დამარცხებული იქნება საქართველო და დამარცხებული იქნება აზერბაიჯანი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და იხეირებს ის ძალა, რომელსაც სურს, რომ გააღვივოს მწვავე ურთიერთობები. როდესაც ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, სტრატეგიულ პარტნიორთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ სიტუაციის გამწვავება. აქ ზედმეტია საუბარი სპეკულაციებზე, რამ მიგვიყვანა, როგორ მიგვიყვანა; ფაქტია, რომ ეს არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა საბჭოთა კავშირმა და ჩვენი ვალდებულებაა, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისა, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები