“საქართველოს აქვს მეტის გაკეთების სურვილი და შესაძლებლობა, ამიტომ დარგობრივი ინტეგრაციის ნაწილში ევროპული ინსტიტუტების მონაწილეობა ჩვენთვის წარმატების საწინდარია”

“ჩვენი მთავარი მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების წარმოჩინება მეტი საგადასახადო შეღავათის შეთავაზების გზით და ევროკავშირის როლი ამ მხრივ ძალიან ძლიერია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თემატურ დისკუსიაზე – “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები ძლიერი ეკონომიკის, მმართველობის, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი განვითარებისკენ” განაცხადა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
კითხვაზე, როგორ უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, პრემიერმა აღნიშნა, რომ ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია.
“აქ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვიწევს. მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობით შევძლებთ მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევას. სამწუხაროდ, ამ სეგმენტის წილი ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურაში ჯერ არ არის დიდი. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების წარმოჩინება მეტი საგადასახადო შეღავათის შეთავაზების გზით და ევროკავშირის როლი ამ მხრივ ძალიან ძლიერია. განსაკუთრებული პროგრამები გვაქვს საქართველოში, უშუალოდ, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. ერთ-ერთი უახლესი ინსტრუმენტია ჩვენ მიერ სპეციალურად შექმნილი საკრედიტო გარანტიების სქემა, რაც მცირე და საშუალო საწარმოებს დაეხმარება ფინანსებზე უკეთესი წვდომის მოპოვებასა და ბიზნესის გაფართოებაში. ამავდროულად, ვცდილობთ, მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს მივცეთ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით სარგებლობის შესაძლებლობა. რამდენიმე საწარმო წლიდან წლამდე ზრდის ექსპორტს საქართველოდან, თუმცა გაუმჯობესების შესაძლებლობა მით უფრო მეტია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა, ასევე, ხაზი გაუსვა განათლების მიმართულების პრიორიტეტულობას და აღნიშნა, რომ დიდი აქცენტი კეთდება პროფესიულ განათლებაზე.
“ახლახან გამოვაცხადეთ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად 6% პროცენტი იქნება მიმართული ამ სექტორში, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედია. ამ ინვესტიციების დიდი ნაწილი მოხმარდება პროფესიულ განათლებას. ამ სფეროში ჩვენი ძირითადი პარტნიორები იქნებიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც მცირე და საშუალო საწარმოები აქვთ. ჩვენი პროგრამა მრავლისმომცველია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაგვეხმარება სწრაფ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ევროპულ ინსტიტუტებს – უკვე ვახსენე, რომ საქართველოს წარმატება ერთობლივი მიღწევაა. ამას ვერასოდეს შევძლებდით ევროპული ინსტიტუტების მონაწილეობისა და ნაკისრი ვალდებულების გარეშე. სწორედ ეს არის ჩვენი გზავნილი – საქართველოს აქვს მეტის გაკეთების სურვილი და შესაძლებლობა. მიმაჩნია, რომ უფრო ამბიციური დღის წესრიგით დარგობრივი ინტეგრაციის ნაწილში ევროპული ინსტიტუტების მონაწილეობა ჩვენთვის წარმატების საწინდარია. ამიტომ, ველით ყველა მათგანთან წარმატებულ თანამშრომლობას”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები