გივი მოდებაძე “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლებს: ერთობლივი მუშაობით ჩვენ ჭიათურის სწორი განვითარება შეგვიძლია
ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, გივი მოდებაძე კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაციაში დასაქმებულებს შეხვდა. შეხვედრაზე კანდიდატმა კერძო სექტორში დასაქმებულებს სიტყვით მიმართა და განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტის მერიისა და “ჯორჯიან მანგანეზის” სამომავლო თანამშრომლობაზე გაამახვილა.
“დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია ჭიათურის სწორი განვითარება. იმედს გამოვთქვამ, თანამშრომლობა მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც ჭიათურის უკეთესი მომავალი ჰქვია. მე მჯერა თითოეული თქვენგანის და ვიმედოვნებ, მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩემი გამარჯვების შემდეგ”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
დღესვე მმართველი გუნდის კანდიდატი ჭიათურის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა და მათ ჭიათურის განვითარების საკუთარ ხედვაზე ესაუბრა.