EBRD-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად აფასებს

“საქართველო არის რეგიონის ლიდერი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის კუთხით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მასთან პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისა და EBRD-ის პირველი ვიცეპრეზიდენტის, იურგენ რიგტერინქის შეხვედრისას აღინიშნა.
როგორც „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევრობანკის წარმატებულ თანამშრომლობაზე, რაზეც საქართველოში EBRD-ის დივერსიფიცირებული პორტფელიც მიუთითებს.
მთავრობის მეთაურმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცეპრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას საუბარი შეეხო EBRD-ის სამომავლო გეგმებსა და პროექტებს, რომელთა განხორციელებასაც ბანკი საქართველოში აპირებს.
განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა და დადებითად შეფასდა განათლების მასშტაბური რეფორმა, რომელიც სექტორის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ით დაფინანსებას გულისხმობს.
განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ინვესტორთა საბჭოს საქმიანობა, რაც მთავრობისა და ინვესტორების ურთიერთობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
EBRD-ის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრს ამ ფორმატის მხარდაჭერისა და მასში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები