გიორგი კაკაურიძე: ზესტაფონის მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაციით, პრიორიტეტულ პრობლემებს სწრაფად მოვაგვარებთ

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე, ზესტაფონის მერობის კანდიდატ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად, პირველი სვირის მოსახლეობას შეხვდა. მინისტრის მოადგილე ადგილობრივებს მჭიდრო კომუნიკაციასა და მეტი პროექტის განხორციელებას დაჰპირდა. შეხვედრის მონაწილეებს მან მმართველი გუნდის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რაც, მისი აზრით,  პრობლემების გადაჭრისა და სიტუაციების სწორი მართვის საშუალებას შექმნის.
,,მერობის კანდიდატთან ერთად ვიმყოფებოდი ჩემს მშობლიურ სოფელში. მოსახლეობასთან შევთანხმდით, რომ ჩვენს კანდიდატს, რომელსაც ჩვენი გუნდი მხარს უჭერს, არჩევნების შემდგომ ექნება ხშირი კომუნიკაცია მათთან, რაც შეგვაძლებინებს პრიორიტეტული პრობლემების სწრაფად მოგვარებას.  ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, ინფრასტრუქტურაზე. ცენტრალური გზა პირველ სვირში აქვთ, ახლა მიმდინარეობს სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, დაგეგმილია ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობის რემონტი, თუმცა გვრჩება საუბნო გზები, რასაც ეტაპობრივად მივხედავთ”, -აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მერობის კანდიდატმა პირველი სვირის მოსახლეობასთან შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა.
,,მჯერა ამ ადამიანების, მათი თანადგომის. 19 მაისს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება ყველას გამარჯვება, მთელი მუნიციპალიტეტის გამარჯვება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაიძრება არაერთი შეჩერებული პროექტი, რასაც ჰქვია კომფორტული გადაადგილება გზებზე, გაზიფიცირებული სოფლები, გამართული წყლის სისტემა. აქვე მინდა, დავაანონსო, რომ ხუთშაბათს ჩაირთვება რეაბილიტირებული ქსელი კირკის უბანში და მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება უპრობლემოდ”, -განაცხადა ზესტაფონის მერობის კანდიდატმა.

მოსახლეობას მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა პარლამენტარმა, კობა ლურსმანაშვილმა.
“გიორგი გოგლიჩიძე არის ღირსეული კანდიდატი, ვინც ჩვენი სწორი არჩევანით პოლიტიკურ ველზე უნდა გამოვიყვანოთ, თუ წინსვლა და განვითარება გვინდა”, – განაცხადა პარლამენტარმა შეხვედრისას.






კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები