გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების ერთგვარი ტენდენცია დაამკვიდრა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში ლობისტების ჩართვასთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრთა განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიციამ საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების ერთგვარი ტენდენცია დაამკვიდრა.
„საინტერესო” ინფორმაცია გაჟღერდა იმის თაობაზე, რომ, თითქოს, სახელმწიფო ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა იმაში, რომ პოლიტიკურ ოპონენტს, ამ შემთხვევაში – ბატონ გიგი წერეთელს, დაუპირისპირდეს სახელმწიფო. ამაზე მეტი უცოდინარობა მე ვეღარ წარმომიდგენია, ამ სფეროში თუ ადამიანი ჩახედულია, მაგრამ გამომსვლელებს, ამ თემაზე მოსაუბრეებს მე უცოდინრებს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. მათ საზოგადოება ჰგონიათ უცოდინარი, რომელიც ვერ მიხვდება, რაშია საქმე. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში დაპირისპირებული გუნდები, ძირითადად, არიან “სახალხო პარტია” და “სოციალ-დემოკრატიული პარტია” და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული კიდევ ამა თუ იმ მხარეზე, არჩევნები ტარდება. ჩვენ ვართ ერთი ჯგუფის წევრები და სახალხო პარტიას ვუპირისპირდებით ყველა დონეზე, თუ არ ვიტყვით, პირიქით, სახალხო პარტიამ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ჩარევები, განცხადებები და შემოჭრები გააკეთა იმ სისტემაში, რასაც ჰქვია სახელმწიფო მართვა ჩვენს პირობებში. ჩვენ ვართ, ამავე დროს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის შემადგენელი ნაწილი. რა მნიშვნელობა აქვს, ვისი გვარია; რა მნიშვნელობა აქვს ვისზე ვლაპარაკობთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება, ერთი ჯგუფი არ იყოს მობილიზებული იმისათვის, რომ არჩევნებში თავისმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. რა შუაშია აქ ლობისტების ჯგუფი ან რა რესურსი აქვს ლობისტების ჯგუფს, რომ ამ სიტუაციაზე გავლენა მოახდინოს. ყველა კარგად იცნობს ოლივერ სპენსერსაც, რომელიც თუნდაც იმ წერილში გარკვეულ პოზიციას გამოხატავს ადამიანის მიმართ, რომელთა დაპირისპირება წლების განმავლობაში არის ცნობილი და ნათელი. ესეც ძალიან საინტერესოსა, როგორ იქნა ეს წერილი მოპოვებული. არ არის ეს თემა სახუმარო. ტენდენციაა, საერთოდ, საკითხებთან დაკავშირებით გქონდეთ არასწორი ინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისათვის“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვიცესპიკერის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველო არის ევროპული სტანდარტის ქვეყანა და ამას ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაც ადასტურებს, ოპოზიცია შეგნებულად წარმოადგენს ინფორმაციას იმგვარად, თითქოს, ევროპის საბჭოში არის იგნორირება იმ ინტერესისა, რაც სახელმწიფოს აქვს. „ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი არის ადამიანი, რომელსაც თვე არ გასულა, რომ არ შეხვდეს ჩვენი პრემიერმინისტრი და ახლა კიდევ ჩამოდის საქართველოში. რასაკვირველია, პრემიერმინისტრის შეხვედრა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად იმ პირობებში, როდესაც საქართველო (წაიკითხეთ რას წერს ჟან კლოდ იუნკერი) არის ევროპული სტანდარტის ის ქვეყანა, რომელიც არის მისაბაძი, იქნებ, ცალკე გასვლა და ცალკე საუბარი, როგორც ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან არის საჭირო, არ ჩაითვალა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად. წარმოგვიდგენენ ინფორმაციას იმგვარად, თითქოს, ევროპის საბჭოში არის იგნორირება იმ ინტერესისა, რაც ჩვენ, თურმე, გვაქვს. ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით გადახედეთ, რა ინფორმაცია ვრცელდება – თითქოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთოდ არ ახსოვს და რადარებიდან გაქრა. ეს ძველი სიმღერაა, რომელსაც არ ეშვებიან და, თურმე, ჩვენ ვიცით, შეხვედრის რა დღის წესრიგი აქვთ პომპეოსა და პუტინს. აქედან გამომდინარე, საჯარო არის ბევრი რამ და ბევრიც არ არის საჯარო. საჯაროა ისიც, რა გადაწყვეტილებაც მიიღო კონგრესმა საქართველოსთან მიმართებით და ეს საკითხები უნდა გახსოვდეთ, იცოდეთ და ითვალისწინებდეთ. არ გახსოვთ, ან გახსოვთ და განგებ მიგაქვთ სხვა ინფორმაცია და ეგ უფრო მეტი დანაშაულია კიდევ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.