კობა ნაყოფიას ულტიმატუმი ხელისუფლებას: თუ პოლიცია ინციდენტის მონაწილე პირებს არ დააკავებს, ენმ აქციას მოაწყობს

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ნაყოფიამ გააკეთა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პოლიციამ ინციდენტის მონაწილე პირები არ დააკავა ენმ პოლიციის შენობასთან აქციას მოაწყობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დადიანების ეზოში, სადაც გადაცემა “ლუსტრაციას” ჩაწერა მიმდინარეობდა, დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, ამავე მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი ყვირილითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა სანდრა რულოვსს, გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და მათ ფიზიკურადაც შეეხნენ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ  ფოტოგრაფ ზურაბ ცერცვაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა განუცხადა. მისივე თქმით, გამოკითხვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს შს მინისტრი – გიორგი გახარია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო ყველა ინციდენტი დეტალურად იქნება გამოძიებული და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება, ყველა დამნაშავე დაისჯება.  ამის შესახებ გახარიამ უსაფრთხოების თემატიკაზე მომუსვე ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყველა შემთხვევა იქნება დეტალურად გამოძიებული და ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება დამნაშავედ წარმოდგენილი. ჩვენ, როგორც წინა არჩევნებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აბსოლუტურად ადეკვატური შეფასებები მივიღეთ. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წინა არჩევნები შეფასებული იყო, როგორც ძალადობის მხრივ ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. ზუსტად ასე, ყველა მხარე, ყველა ექსცესი იქნება გამოძიებული დეტალურად და, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება დამნაშავე – მიეცემა პასუხისგებაში.
არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციებითა და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ – წყნარად, მშვიდად ჩავატაროთ საარჩევნო პროცესი და მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება, გამოხატონ თავიანთი არჩევანი მშვიდ გარემოში, რასაც, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები