შალვა კიკნაველიძე ცილისწამების გამო სასამართლოს მიმართავს – “რობაქიძემ ცრუ ბრალდება წამიყენა”
ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – შალვა კიკნაველიძე ვახტანგ რობაქიძის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“ეს არის მისი მხრიდან სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების ყურადღების მიქცევის მორიგი მცდელობა. მის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არის ტყუილი, არ შეესაბამება სიმართლეს”, – აცხადებს შალვა კიკნაველიძე. კიკნაველიძე მერობის დამოუკიდებელ კანდიდატთან შეხვედრის ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ შეხვედრა თავად რობაქიძის ინიციატივით გაიმართა.
“გიდასტურებთ, რომ შეხვედრა შედგა მისივე სურვილით და მე ყოველთვის მზად ვარ, შევხვდე ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანს, მით უმეტეს – ზესტაფონელს. რაც შეეხება შეხვედრის თემას – საუბარი იყო არჩევნების წყნარ, მშვიდ ვითარებაში წარმართვასა და მისი მხრიდან შესაძლო მხარდაჭერაზე, რაც პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია”,- განმარტა შალვა კიკნაველიძემ.
მისი განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მზად არის, ამომწურავი პასუხი გასცეს შესაბამის უწყებებს; ასევე, საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ ცილისწამებისთვის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
“გამომდინარე იქედან, რომ ზესტაფონში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, ამ ეტაპზე, თავს ვიკავებ და არ მივმართავ შესაბამის სტრუქტურებს, თუმცა არჩევნების დასრულების შემდგომ მე მივმართავ სასამართლოს, რათა დადასტურდეს რობაქიძის მიერ გაცხადებული ინფორმაცია ან საჯაროდ იქნას უარყოფილი”, – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.
ცნობისთვის, ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვახტანგ რობაქიძემ “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელს ბრალი ამომრჩეველთა მოსყიდვასა და დაშინებაში დასდო.