“ნაცმოძრაობის” ლიდერები ჯიხაშკარში ერთ-ერთ ოჯახს მიუცვივდნენ” – “ოცნებამ” ვიდეოკადრები გაავრცელა

ზუგდიდის მერობის ,,ქართული ოცნების” კანდიდატის საარჩევნო შტაბის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში დაძაბულობისა და დაპირისპირების კერების შექმნას ცდილობს. შტაბის ხელმძღვანლის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ამ მიზნით ოპოზიციამ ზუგდიდში ადამიანები სპეციალურად ჩამოიყვანა. ჩიქოვანმა გუშინ სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ დაპირისპირებაზეც ისაუბრა, რომლის ამსახველი კადრებიც ბრიფინგზე წარმოადგინეს.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ჯიხაშკარში მყოფი ოპოზიცია ერთ-ერთ ოჯახს “მიუვარდა” , რომელსაც არ უნდოდა სანდრა რულოვსის მიღება. ჩიქოვანის განმარტებით, არ შეუშვეს იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან. ამ ყველაფერს, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საბოლოოდ, დაპირისპირება მოჰყვა. კადრებში ჩანან კუდ-ის ყოფილი უფროსი – რუსლან შამახია და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი – აკაკი მინაშვილიც.

ეს არის სოფელი ჯიხაშკარი, ერთი ჩვეულებრივი ოჯახი. ისინი, პრაქტიკულად, შეუცვივდნენ მათ ოჯახში. ამ ოჯახმა განუცხადა, რომ ისინი არ შემოსულიყვნენ, რადგან ამ სოფელში, მათ ოჯახში  “ნაცებისა” და სანდრა რულოვსის შესვლა არ უნდოდათ. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. საარჩევნო კამპანიის პერიოდში ბევრი ასეთი შემთხვევა იყო, მაგრამ ესაა ვიდეომასალა, რომელიც გავრცელდა. აქ არის მითითებული რამდენიმე ადამიანი, რომელიც 9 წლის განმავლობაში თანამდებობებზე იყო. ისინი დღეს  ღიად მონაწილეობენ სანდრა რულოვსის კამპანიაში და მათ კარგად იცნობენ ზუგდიდელები, თუმცა იმასაც შეამჩნევდით, რომ ზოგიერთი ზუგდიდელი, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, მათ შეჩერებასაც ცდილობდა. ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ ზუგდიდს, წარმოდგენა არ აქვთ ზუგდიდზე, არ უნდა ძალადობდნენ ზუგდიდელებზე. ეს არის ჩვენი მოწოდება”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჩიქოვანმა ოპონენტებს მოუწოდა, მშვიდ ვითარებაში წარმართონ საარჩევნო კამპანია.

“მინდა, მივმართო “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ქალაქ ზუგდიდში. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს  ენმ-ს ზუგდიდში ჩამოყვანილი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს არც ზუგდიდზე და არც ზუგდიდელებზე, თუ რა ღირებულებებით ვცხოვრობთ ჩვენ ამ ქალაქში. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს, პატივს ვცემთ ერთმანეთის მოსაზრებებს და არ ვუცვივდებით ერთმანეთს სახლში და, მით უმეტეს, არ ვურტყამთ სილებსა და წიხლებს იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური გუნება-განწყობილება აქვთ. მათ შეიძლება, წარმოდგენაც არ ჰქონდეთ იმაზე, თუ რა ხდება ზუგდიდში, მაგრამ მივმართავ ყველას: ნურავინ  გამოიყენებს ამ ქალაქს, ამ მუნიციპალიტეტს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შექმნან საქართველოში დაძაბულობის კერა.

“ქართულ ოცნებასა” და გეგა შენგელიას კამპანიას ყველა კარგად ხედავთ, რომ არჩეული აქვს საქმიანი მიდგომა. ჩვენ ვართ ამომრჩეველსა და იმ შეთავაზებებზე ორიენტირებულნი, რომლებიც ზუგდიდს გააუმჯობესებს. იმის გათვალისწინებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ცხადად ჩამორჩება და  ამ არჩევნებს პირველივე ტურში აგებს, მისი მცდელობაა, რომ არიოს სიტუაცია იმ ადამიანებით, რომლებიც ზუგდიდში არიან ჩამოსულები”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები