“დაბალი პოლიტიკური კულტურა” – გეგა შენგელიას საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის ფაქტებს “ოცნებაში” აფასებენ (ფოტო)
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატის საარჩევნო პლაკატები მასობრივად არის ჩამოხეული, რიგ შემთხვევებში კი გეგა შენგელიას ფოტოზე ოპოზიციის კანდიდატების პლაკატები არის გადაწებებული.
როგორც “კვირას” აღნიშნულთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონის “ქართული ოცნების” ოფისში განუცხადეს, ბოლო პერიოდში მმართველი გუნდის პლაკატების ჩამოხევისა და გადაწებვის ფაქტები მომრავლდა.
“გარკვეული ორგანიზებული ჯგუფები ღამის საათებში დადიან და ჩვენი კანდიდატის საარჩევნო პლაკატებს შეგნებულად ხევენ, რაც, რასაკვირველია, კანონდარღვევაა. ეს ყველაფერი ძალიან დაბალ პოლიტიკურ კულტურაზეც მეტყველებს”, – განაცხადეს გეგა შენგელიას საარჩევნო შტაბში.