ნათია თურნავა: სიღარიბის დაძლევის პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია – გაზი ყველა ოჯახს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გაზიფიკაციის სამთავრობო გეგმის მიხედვით, სამი წლის ვადაში საქართველოს მასშტაბით 226 სოფლის გაზით უზრუნველყოფა მოხდება – აქედან 75 სოფელი სამეგრელოს რეგიონს ეკუთვნის.
მინისტრის განმარტებით, გაზიფიკაციის პროგრამა შეეხება იმ სოფლებსაც, სადაც ბუნებრივი აირი არასოდეს ყოფილა. თურნავას თქმით, მკვებავი მილსადენის ჩადგმის პროცესი ორ თვეში დაიწყება, რის შემდეგაც დაქსელვა მოხდება.
“ჩვენ გაზიფიკაციის სამწლიან სამთავრობო გეგმას ვახორციელებთ, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა, ჯერ კიდევ, აპრილის დასაწყისში. შარშან ყველა სოფელი ფეხით დავიარეთ, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონშიც ვიყავით და დავპირდით მოსახლეობას, რომ პროექტის ფარგლებში გაზი ექნება იმ სოფლებსაც, სადაც ისტორიულად არ ყოფილა ბუნებრივი აირი. ახლა ამ დანაპირებს ვასრულებთ. სამწლიან პერსპექტივაში ჩვენ გვაქვს დაგეგმილი საქართველოს მასშტაბით 226 სოფელში გაზის შეყვანა, აქედან 75 პუნქტი არის სამეგრელოს რეგიონში.
დღეს ვიმყოფებით სოფელ ოქტომბერში, აქედან დიდი ნეძის კახათში გადავდივარ, ჩხორიაში დილიდან მიმდინარეობს სამუშაოები და მოვიცავთ მთლიანად ამ გეგმას. არასოდეს ყოფილა გაზი ჩხოროწყუში, წალენჯიხაში. სულ ორიოდე თვეში ვიწყებთ მკვებავი მილსადენის ჩადგმას. ეს არის სიღარიბის დაძლევის პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილი – გაზი ყველა ოჯახს. გაზი არის ელემენტარული, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურა და 21-ე საუკუნეში არ უნდა იყოს საუბარი, რამდენი პროცენტი გაზიფიკაცია გვაწყობს საქართველოში. რამდენიც საჭიროა, იმდენს გავაკეთებთ, ყველა ოჯახამდე მივიყვანთ სითბოს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატ გიორგი შენგელიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალესანდრე მოწერელიასთან ერთად, სამეგრელოს მოსახლეობას ხვდება. მინისტრმა ადგილობრივებს გაზიფიკაციის სახელმწიფო პროგრამა გააცნო, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია და მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა.