ირაკლი ჯორბენაძე: სააკაშვილი სად ყიდულობს სახლს, არ მაინტერესებს, ის ჩვენი პარტიის ლიდერი არ არის

ხულოს მერობის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის, ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, სააკაშვილი-ალასანიას ფარული აუდიოჩანაწერის შესახებ ის შეფასებას არ გააკეთებს, რადგან მიხეილ სააკაშვილი მისი პარტიის ლიდერი არ არის, თუმცა “კვირასთან” საუბარში ჯორბენაძე აღნიშნავს, რომ, მისი აზრით, ყოფილი პრეზიდენტი მოსახლეობის პრობლემებით მაინც უნდა ინტერესდებოდეს.
“მე ვერანაირ კომენტარს  გავაკეთებ, არ მსმენია ამ ფაქტის შესახებ და, შესაბამისად, შეფასებას ვერ გავაკეთებ. ჩვენ დავდივართ კარდაკარ, ხოლო სააკაშვილი სად ყიდულობს სახლს, არ მაინტერესებს. მიხეილ სააკაშვილი ჩვენი პარტიის ლიდერი არ არის, თუმცა უნდა იყოს მოსახლეობის პრობლემებით დაკავებული. მიხეილ სააკაშვილი რით არის დაინტერესებული, არ ვიცი და, სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე არც მაინტერესებს“, – აღნიშნა ირაკლი ჯორბენაძემ.
შეგახსენებთ, აუდიოჩანაწერი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ჩანაწერში ერთმანეთში საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია და მიხეილ სააკაშვილი, თემურ ალასანია და მისი მეუღლე, თემურ ალასანია და გიული ალასანია.
საუბრები მათ ოჯახურ საქმეებსა და ოჯახის წევრების ურთიერთობებს ეხება. ჩანაწერით ირკვევა, რომ სააკაშვილის ნათესავები სანდრა რულოვსის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები და რამდენჯერმე მას უცენზუროდაც მოიხსენიებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები