“შევიმუშავეთ ღია და გამჭვირვალე პროცესი და ახლა საბჭოს გადასაწყვეტია, ვის წარადგენს პარლამენტში ამ ღია და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე”

„ჩვენ შევიმუშავეთ ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც კანონშია გაწერილი, ახლა არის საბჭოს გადასაწყვეტი, თუ ვის წარადგენს ამ ღია და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე პარლამენტში და აქ ვერ მიიღება ვერავითარი თვითნებური გადაწყვეტილება, იმდენად ღიაა და გახსნილი პროცესი”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღების პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პროცესი რამდენიმე საფეხურისგან შედგება და საზოგადოებას დაკვირვების საშუალება ექნება.

„ეს პროცესი მოიცავს გასაუბრებებს, მოიცავს თითოეული კანდიდატის შეფასებას და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ჩვენ დაგვაზღვევს იმისგან, რომ რაიმე თვითნებური გადაწყვეტილება მიიღოს ვინმემ”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, შემდეგ, სია უკვე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იქნება წარმოდგენილი და პარლამენტი გადაწყვეტილებას ასევე მაქსიმალურად ღია პროცედურის საფუძველზე მიიღებს.
„თითოეულ მოქალაქეს ექნება თვალყურის დევნების საშუალება. მათ შორის, კომიტეტის შესაბამისი სხდომები, გასაუბრებები იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოების დაკვირვების ქვეშ. ჯერ საბჭო და შემდეგ პარლამენტი მიიღებენ გადაწყვეტილებას და საბოლოო მიზანი არის, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი და ეფექტიანი უზენაესი სასამართლოს ჩამოყალიბება და ეს მიზანი, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება მიღწეული”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები