სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის 7-საათიანი დაკითხვა დასრულდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის 7- საათიანი დაკითხვა დასრულდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დაკითხვა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
ადვოკატის თქმით, მათ საქმეში არსებული მტკიცებულებები გააცნეს. ასევე, ექსპერტიზისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმის ნიმუში აიღეს, რასაც ის დათანხმდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-იდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
„ყველაფერს გამოძიება დაადგენს. თარგმანში იყო უზუსტობა. კონკრეტულად რაში, ამის ახსნა ახლა არ შემიძლია, არ მაქვს ძალა, აგიხსნათ ეს ყველაფერი“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, ელოდება თუ არა დაკავებას, მან აღნიშნა, რომ ყველაფერი არის შესაძლებელი. მისივე თქმით, საპროტესტო აქციას აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი.