არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველობების მხრიდან ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ
არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველობების მხრიდან ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ. საიამ, “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” დღეს უწყებათშორის კომისიას და სამართალდამცველებს მიმართეს და დროული რეაგირებისკენ მოუწოდეს. მათი ინფორმაციით, რეგიონებში, 10 სხვადასხვა საარჩევნო ოლქში კანდიდატებს ემუქრებიან და აიძულებენ, უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე. ძირითადად, ზეწოლა ხორციელდება “ნაციონალური მოძრაობის”, სალომე ზურაბიშვილის “საქართველოს გზის” და “ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატებზე”. მათივე განცხადებით, 32-მა კანდიდატმა ზეწოლის შედეგად საკუთარი კანდიდატურა უკვე მოხსნა. საუბარია პარტიულ სიებში შეყვანილ პირებზე. კანონის თანახმად კი, თუ წარდგენილი სიის შემადგენლობის გარკვეული ნაწილი არჩევნებამდე კანდიდატურას მოხსნის, მაშინ რეგისტრაციიდან ავტომატურად იხსნება თავად საარჩევნო სუბიექტი. სპეციალურ განცხადებას უპასუხა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პროკურატურას კომისიამ უკვე მიაწოდა ცნობები ზეწოლის მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციაზე. ახლა საქმეები დგინდება. მინისტრის თქმით, თუ ზეწოლა დადასტურდება, ყველა კანონდამრღვევი დაისჯება.
“ინფორმაცია, რომელიც ეხება რომელიმე პარტიის, რომელიმე კანდიდატზე ზეწოლას, უწყებათშორის კომიისიაში შემოდის. თითოეული ასეთი ინფორმაცია პროკურატურისთვისაა გადაცემული, რომელიც ფაქტების დადგენას აწარმოებს. თუ გამოვლინდება, რომ ვინმეზე ზეწოლას ადგილი ჰქონდა, ვინც არ უნდა იყოს ზეწოლის ავტორი, ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება. ჯერჯერობით ფაქტები დადგენის პროცესშია“.