„კურიერის“ ინფორმაცია მიზანმიმართული იყო ჩემი პერსონის დისკრედიტაციისთვის“- შიხიაშვილი პროკურატურას მიმართავს
„შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ირაკლი შიხიაშვილი პროკურატურას მიმართავს. ამის შესახებ შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
„შაბათის კურიერში“ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ მიზანმიმართული იყო ჩემი პერსონის დისკრედიტაციისთვის. ეს იყო ცალსახად შეკვეთილი სიუჟეტი. ფაქტები, რომლებიც იქ იქნა მოყვანილი, არცერთი შეესაბამებოდა სიმართლეს. ჩემი ინტერვიუც სერიოზულად იყო დაჭრილი და დამახინჯებული.
მინდა, მივმართო საზოგადოებას და განვუმარტო, თუ რა ვითარებაა ამასთან დაკავშირებით. ამაზე დუმილს არ ვაპირებ. გადაწყვეტილი მაქვს, ჩემს იურისტებთან ერთად კონსულტაციის შემდეგ შევიტანო სარჩელი იმ პიროვნების, აზერბაიჯანის მოქალაქის მიმართ, რომელიც ურცხვად აცხადებს, თითქოს, მე მისგან ავიღე ქრთამი. თან ეს ქრთამი ავიღე „რედისონში“. სიუჟეტის მიზანი, ალბათ, იმაში მდგომარეობდა, რომ გამოჩენილიყო ერთი – რომ მე ვარ ხარბი, მექრთამე და მეორე ის, რომ იმდენი ჭკუაც არ მაქვს, „რედისონში“ არ ავიღო ქრთამი. მივმართავ პროკურატურას, თუ ამ საქმეზე დაწყებული აქვს გამოძიება, მზად ვარ იმისთვის, რომ დავიკითხო და მივცე ჩვენება, რათა გამოძიება უფრო სწრაფი ტემპებით გაგრძელდეს. თუ არ არის გამოძიება, მაშინ ვთხოვ პროკურატურას, რომ სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტზე გამოძიება. ასევე მინდა, ვთქვა, რომ იმედი მაქვს, „რუსთავი 2“ აქტიურად ითანამშრომლებს საგამოძიებო ორგანოებთან, ვინაიდან მან იცის ამ აზერბაიჯანელი მოქალაქის ადგილსამყოფელი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს ადამიანი ჩვენი კანონმდებლობით ძებნილია. მას რამდენიმე მუხლით ედავებიან, რამდენადაც ვიცი, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და მითვისებას ტენდერების საშუალებით. „რუსთავი 2“ იმედია, მისცემს შესაბამის ინფორმაცის საგამოძიებო ორგანოებს, რათა ამ ძებნილი ადამიანის ადგილსამყოფელი დადგინდეს.
დაუსრულებლად გრძელდება ეს სამარცხვინო, ცრუ კამპანია და ყოველთვის ემთხვევა ხოლმე იმას, როცა ვიმყოფები საზღვარგარეთ, აშშ-ში , პარტნიორებთან, სადაც ვცდილობ, უფრო მეტი მეგობარი შევძინო ჩვენს ქვეყანას და უფრო აქტიური თანამშრომლობა დაიწყოს ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის. ჩვენ ვართ „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა ქართულმა და ამერიკულმა საზოგადოებამ უფრო ღრმა და საფუძვლიანი ურთიერთობა დაამყარონ ერთმანეთთან“, – განაცხადა შიხიაშვილმა.
მან აშშ-ში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა.
„ასევე მინდა, მოგახსენოთ აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით. აშშ-ში, კერძოდ ნიუ იორკში, ბრუკლინში დავაფუძნეთ მოძრაობა „გეორგია შენი პორექტიას“ საინიციატივო ჯგუფი . ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი ძალიან ღირსეული ქართველები, ემიგრანტები, რომლებიც, დღესდღეობით, მოღვაწეობენ, ცხოვრობენ აშშ-ში და ერთი წამით არ წყვეტენ ფიქრსა და ზრუნავს საქართველოზე. როცა მათთვის ცნობილი გახდა ამ პროექტის შესაძლებლობა, ამ პროექტის ეფექტურობა, ამით რამდენად სწრაფად შეიძლება წელში გაიმართოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოქალაქე, ძალიან დიდი სურვილი გაუჩნდათ ამ მოძრაობაში ჩართვისა. თითოეული მზადაა იყოს ემისარი, გამავრცელებლი ამ ძალიან კარგი, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის შესაძლებლობის მქონე პროექტისა“,- განაცხადა შიხიაშვილმა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ბიზნესმენი, ანარ ალექბეროვი, რომელიც ტენდერებს იგებდა, ამტკიცებს, რომ წილი მაღალჩინოსნებთან მიდიოდა და გაკოტრებამდე მიიყვანეს. ამის შესახებ მან „კურიერს“ განუცხადა.
„მან საქართველოში საქმიანობა 2014 წლიდან დაიწყო. ის სამშენებლო კომპანია „კონვენტ ჯორჯიას“ მფლობელია.
ალექბეროვის კომპანიამ 2015 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოცხადებული 2 238 600 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო. მისი მტკიცებით, პრობლემები მალევე შეექმნა, რადგან ვეტერანთა სამსახურის იმდროინდელმა უფროსმა, ირაკლი შიხიაშვილმა და მოადგილემ, ე.წ. ატკატის სახით, წილი მოსთხოვეს. ალექბეროვის თქმით, შიხიაშვილის წარმომადგენლებს ფული გადასცა.
„კონვენტ ჯორჯიას“, ტენდერის პირობების მიხედვით, ვეტერანთა დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა.
აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპანიის ანგარიშზე, თავდაპირველად, მილიონ სამასი ათასი ლარი ჩარიცხეს მიუხედავად ამისა, მან ვალდებულებები ვერ შეასრულა, რადგან ირაკლი შიხიაშვილი, მოადგილესთან ერთად, მასზე სისტემურ ზეწოლას ახდენდა და თანხას სძალავდა.
აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა ქვეყანა 2 წლის წინ ისე დატოვა, რომ მშენებლობა არ დაუსრულებია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩარიცხული ფულით ჩატარებული სამუშაოები კი, აუდიტის დასკვნის მიხედვით, უხარისხოდ იყო შესრულებული.
მაკონტროლებელი ორგანოსთვის დოკუმენტაციის შესწავლის დროს საეჭვო გახდა ამ კომპანიის საქმიანობაც. „კონვენტ ჯორჯიას“ საბანკო გარანტია ერთ-ერთი აზერბაიჯანული ბანკიდან ჰქონდა, რომელიც იმ პერიოდში უკვე გაკოტრებული იყო”, – ნათქვამია „კურიერის“ ინფორმაციაში.