შალვა შავგულიძე „ევროპულ საქართველოსთან” პარტნიორობას ღირებულებითი თანხვედრით ხსნის

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შალვა შავგულიძე „ევროპულ საქართველოსთან” პარტნიორობას ღირებულებითი თანხვედრით ხსნის.
„პარტნიორის ძებნის დროს, რა თქმა უნდა, შენ ირჩევ პრიორიტეტებს, ვისთანაც გაქვს ღირებულებითი თანხვედრა, ქვეყნის განვითარების ხედვაში თანხვერდა და მას ირჩევ პარტნიორად”, – განაცხადა ტელეკომპანია “იმედის” თოქშოუში „პირისპირ” შალვა შავგულიძემ.
„თავისუფალ დემოკრატებსა” და „ევროპულ საქართველოს” გვაქვს სტრატეგიულ, ძირითად საკითხებში ქვეყნის განვითარების თანხვედრა – ჩვენ ერთნაირად ვხედავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს მხოლოდ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პირობებში, ჩვენთვის ერთნაირად მიუღებელია ავტოკრატიული მმართველობა. ჩვენ ერთნაირად ვხედავთ სამართლის უზენაესობის აუცილებლობას საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ჩვენ გავაერთიანებთ ძალისხმევას”, – განაცხადა შავგულიძემ.
შავგულიძემ განმარტა, თუ რატომ იყო მისი გადაწყვეტილება პოლიტიკურად და მორალურად სწორი.
„მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მორალურად გამართლებული, პოლიტიკურად სწორი, ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი და სასარგებლო და რატომ – როგორც წინა ხელისუფლების დროს, ისე ამ ხელისუფლების პირობებში, მე ერთნაირად მიმაჩნდა, რომ უსამართლობასთან შეგუება არ შეიძლება. უსამართლობას უნდა ებრძოლო და სამართლის უზენაესობა აუცილებელია საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებისათვის. პოლიტიკოსს გაქვს ვალდებულება, თუ იღებ პასუხისმგებლობას პოლიტიკოსობასა და პოლიტიკურ ძალაზე – რომ არა მარტო კეთილი იდეები იქადაგო, არამედ ეძებო გზები მათ განსახორციელებლად. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში შენ უნდა ეძებო პარტნიორები. „ქართული ოცნების” ხელისუფლების დღევანდელ უსამართლობას მარტო მე – შალვა შავგულიძე, ჩემი პოლიტიკური ძალა – „თავისუფალი დემოკრატები” ვერ მოვერევით. ეს არ იქნება ეფექტური დაპირისპირება, ეს იქნება, უბრალოდ, ფაქტის კონსტანტირება, რომ უსამართლოა დღევანდელი ხელისუფლება და კიდევ უფრო უსამართლოა, ვიდრე წინა”, – აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები