„ყველა აქტივისტს მივმართავ, საზიანოდ ნუ იმოქმედებს, გარეჯში ზედმეტი მოძრაობები, ამ ეტაპზე, საჭირო არ არის“

„ყველა აქტივისტს მინდა, აქედან მივმართო, საზიანოდ ნუ იმოქმედებს, დავით-გარეჯში ზედმეტი მოძრაობები, ამ ეტაპზე, საჭირო არ არის. ამან შეიძლება, საკმაოდ სახიფათოდ დაძაბოს ორი სახელმწიფოს ურთიერთობები”, – ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა, სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამირან სალუქვაძე დავით-გარეჯის ირგვლივ შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ  ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმებას მიაღწიოს.
„არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს. ვერცერთი ხელისუფლება დავით-გარეჯს ასე მარტივად ვერ დათმობს. ასეც არის, სამწუხაროდ, ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის სხვადასხვა ჯგუფის მიერ გამოსაყენებელი თემაა და იყენებენ. საკმაოდ დიდი ზიანის მომტანია არასწორი განცხადებები და მოძრაობები ამ მიმართულებით. დავიწყოთ იქედან, რომ ეს ტერიტორია ისტორიულად, კულტურულად, ყველანაირად ქართულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმებას მივაღწიოთ. თუმცა, ეს მოლაპარაკებები გრძელდება მთელი დამოუკიდებლობის პერიოდში და  საბჭოთა პერიოდშიც იყო მოლაპარაკებები ამ საკითხზე.  ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა. იქ სხვა პრობლემებიცაა – საზღვართან დაკავშირებით მდინარის მიერ კალაპოტის ცვლილება მოხდა 70-იანი წლებიდან მოყოლებული, რამდენჯერმე შეიცვალა საზღვარი და ა.შ.
დღევანდელი მდგომარეობით, საზღვრის სადღაც 1/3 შეუთანხმებელია. საკმაოდ რთულია იგივე დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება აზერბაიჯანთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი ამას აღიქვამენ ალბანური კულტურის ძეგლად. რამდენად კეთილსინდისიერები არიან ამ საკითხსადმი მიდგომაში, ეს ცალკე საკითხია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი მყარი პოზიცია. ყველაფერი უნდა გადაწყდეს კომისიურად. შესაძლოა მარტივად, მოკლე დროში ვერ მოგვარდეს. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან სპეკულაციები ამ თემაზე, უბრალოდ, მიუღებელია. განსაკუთრებით წინა ხელისუფლების მხრიდან. ღია წყაროებში მოიძებნება 2012 წლის მაისში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება, სადაც ის სხვა ქვეყანას მიაკუთვნებს ამ ტერიტორიას. მე გამეორებაც კი არ მინდა ამ განცხადების. დავით- გარეჯის დაკავება მოხდა ზუსტად ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს, 2012 წლის მაისში. ნუთუ მეხსიერება საერთოდ არ აქვთ ადამიანებს? ავიღოთ ინტერნეტი და მოვნახოთ, იძებნება ძალიან მარტივად ეს ყველაფერი. რატომ ვერ ვაანალიზებთ, თუ ვინ სპეკულირებს ამ თემით? მივესალმები ყველა გულანთებულს, ვინც აქტიურობს ამ მიმართულებით და ცდილობს პროცესის გამოფხიზლებას.

მინდა, პრეზიდენტი შევაქო, რადგან ორმხრივი შეხვედრის დროს ბაქოში მან ეს საკითხი წამოსწია და ვფიქრობ, ეს იყო სასარგებლო. თუ ვართ მეგობარი სახელმწიფოები, სტრატეგიული პარტნიორები, მაშინ, პირველ ყოვლისა, საზღვრები უნდა შევათანხმოთ. ორივე მხარე უნდა წავიდეს დათმობაზე, მაგრამ დავით-გარეჯი იქნება პრინციპული საკითხი, რომელსაც ქართული მხარე არ და ვერ გადაუხვევს იმიტომ, რომ ეს არ შეიძლება, სხვაგვარად იქნას განხილული.
ყველა აქტივისტს მინდა, აქედან მივმართო, საზიანოდ ნუ იმოქმედებს. არ არის იქ ზედმეტი მოძრაობები, ამ ეტაპზე, საჭირო. ამან შეიძლება, საკმაოდ სახიფათოდ  დაძაბოს ორი სახელმწიფოს ურთიერთობები. ეს არ არის თამაში. აქ საჭიროა მოქმედებები ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ჩვენ ხელისუფლება უნდა გამოვაფხიზლოთ და არა აზერბაიჯანის მესაზღვრეები, რომლებსაც იქ ბრძანება აქვთ და მოქმედებენ.
ამ თემით სპეკულირება არ შეიძლება. საკითხი პრინციპულია. ეს არის ჩვენი კულტურული ძეგლი. ნაბიჯ-ნაბიჯ, მეგობრულად, აზერბაიჯანთან ეს საკითხი უნდა მოვაგვაროთ”, – განაცხადა სალუქვაძემ.
ცნობისთვის, დავით-გარეჯის ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დღეიდან პატრულირებას იწყებს. როგორც საქართველოს „პირველ არხს“ დავით ქაცარავამ განუცხადა, პატრულირების მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობაა.
„დღეიდან ვიწყებთ პატრულირებას, ეს იქნება მშვიდობიანი. ვიქნებით, მხოლოდ და მხოლოდ, იმ ტურისტულ მარშრუტზე, რომელზეც ვმოძრაობთ და რომელიც თავიდან ჩაგვიკეტეს. ჩვენ ეს პატრულირება დავიწყეთ, პირველ ყოვლისა, იმისთვის, რომ არ შეიქმნას ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც ხშირად ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს აზიანებს. ვგულისხმობ იმას, რაც მოხდა ამ ბოლო დროს დავით-გარეჯში. ბოლო პერიოდი რომ ავიღოთ, 3-4 -დღიანი ვაკუუმი იყო, რომლის პერიოდშიც საზოგადოება საერთოდ არ იყო ინფორმირებული, თუ პრობლემები იყო დავით-გარეჯში. მერე გავიგეთ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაკეტეს საზღვარი და მისასვლელი ბილიკები ეკლესიასთან. ამიტომ, ეს იქნება, არა უფრო ანტისაოკუპაციო მოძრაობის ფორმატში, არამედ  საზოგადოებრივი მოძრაობა.
რაც ყველაზე მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობაც ძალიან მოტივირებული, შეწუხებული და შეშინებულია. მათთან ერთად ვიქნებით ჩვენ კოორდინაციაში. ბუნებრივია, საქმის კურსში ჩავაყენებთ ადგილობრივ თვითმმართველობასაც, მესაზღვრეებსაც. ვიქნებით, უბრალოდ, იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას დროული და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება მშვიდობიანი, ჩვენ ვიქნებით იმ ბილიკზე, რომელიც სადავოდ იქცა“, – განაცხადა ქაცარავამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები