კახა კალაძე: ლადო კახაძე არის ადამიანი, რომლის პროფესია და მთავარი პრინციპი არის ადამიანზე ზრუნვა

„დარწმუნებული ვარ, 19 მაისს მთაწმინდის ამომრჩეველი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რადგან ლადო კახაძე არის ადამიანი, რომლის პროფესია და მთავარი პრინციპი არის ადამიანზე ზრუნვა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ლადო კახაძის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მერმა აღნიშნა, ლადო კახაძეს მთაწმინდის რაიონში წარდგენა არ სჭირდება, რადგან ამ რაიონის მოსახლეობა მას კარგად იცნობს.
„ლადო კახაძეს ჩემი წარდგენა არ სჭირდება, მთაწმინდის მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს მას – ადამიანს, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობს მთაწმინდის რაიონში. მისი პროფესია და მისი მთავარი პრინციპი არის ადამიანზე ზრუნვა. დარწმუნებული ვარ, 19 მაისს მთაწმინდის ამომრჩეველი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რომ მისი ეს ყოველდღიურობა გადავიტანოთ პოლიტიკაში და შეუერთდეს ჩვენს გუნდს. ბატონმა ლადომ ისაუბრა 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში განხორციელებულ ძალიან სასიცოცხლო რეფორმებსა და ცვლილებებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვამაყობთ ყველა ამ რეფორმით, მაგრამ ამით ვერ ვიქნებით კმაყოფილები. ქვეყანაში, ქალაქში გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, თუმცა მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ შევძლებთ, ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ; ჩვენ შევძლებთ, გადავლახოთ ეს რთული ბარიერები. ეს არის პრობლემები, რომლებიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა ქვეყანაში და მჯერა იმის, რომ ერთად დგომით, ერთიანი ძალისხმევით, საზოგადოების ჩართულობით შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქში მნიშვნელოვანია პროექტები ხორციელდება ყველა მიმართულებით და არცერთი სფერო  არის დარჩენილი, სადაც წინსვლა არ შეინიშნებოდეს.
„მე მესმის, რომ ამ ყველაფერს სჭირდება დრო, რათა დავინახოთ რეალური შედეგი. მინდა, ლადო კახაძეს წარმატებები ვუსურვო. მე ვიცი, ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს მთაწმინდის მოსახლეობას – დაწყებული ინფრასტრუქტურიდან დამთავრებული შენობა-ნაგებობების ავარიულობითა და ა.შ. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს მოსახლეობასთან, გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და დარწმუნებული იყავით, ბატონო ლადო, რომ ამ ბრძოლაში არ ხართ მარტო. თქვენ უკან დგას ადამიანების ძალიან დიდი ჯარი, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია; ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ თავიანთ ქვეყანაზე, თავიანთ ქალაქსა და თავიანთ რაიონზე.  ჩვენ ერთად შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები