რას ფიქრობს სანდრა რულოვსი ყოფილ მხედრიონელებთან თანამშრომლობაზე (ვიდეო)

ზუგდიდის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, სანდრა რულოვსისთვის ყოფილი მხედრიონელებთან თანამშრომლობა პრობლემას არ წარმოადგენს. დღეს, ზედა ეწერში რულოვსის საარჩევნო შეხვედრის ორგანიზატორი ყოფილი მხედრიონელი მერაბ ჩაჩიბაია გახლდათ. ჟურნალისტების კითხვაზე, უქმნის თუ არა კანდიდატს უხერხულობას ფაქტი, რომ მის საორგანიზაციო ჯგუფში ყოფილი მხედრიონელები არიან, სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ მიესალმება ნებისმიერი ადამიანის გვერდში დგომას.
“პირადად მე, მერაბ ჩაჩიბაიას არ ვიცნობ, მაგრამ ყველა ის ადამიანი, ვინც შემოგვიერთდება და საქართველოს მომავალზე ფიქრობს და მეხმარება დღევანდელი სიტუაციიდან გამოვიდეთ, მივესალმები, რომ ერთად ვიდგეთ. ჩვენ ვართ 12 პარტია და ვართ დიდი ჯარი”,- განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველ პრეზიდენტს ავტობიოგრაფიულ წიგნში ბანდიტური დაჯგუფების ლიდერი უწოდა, შემდეგ კი პირველი “ჩვენება” შეცვალა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ზვიად გამსახურდიას ღვაწლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამსახურდიამ საქართველოსთვის დიდი შრომა გასწია.
“რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას, მე მის მომხრეებთან უკვე მქონდა საინტერესო შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ მის ღვაწლზე, როგორი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს განთავისუფლების საკითხში, როდესაც საბჭოთა კავშირიდან საქართველო გამოეყო. მაშინ გამსახურდიამ ძალიან დიდი შრომა გასწია, იმისთვის, რომ დღეს ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ. მაგრამ დღეს ისეთი მთავრობა დაგვიჯდა, რომელიც ხალხის თავისუფლებაზე არ ფიქრობს და ზუგდიდიდან დაიწყება მთელი საქართველოს გამარჯვება. საიდანაც ეროვნული მოძრაობა და ვარდების რევოლუცია დაიწყო, სწორედ იქიდან დაიწყება დღევანდელი მთავრობის მოშორებაც“,- აღნიშნა რულოვსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები