“დავით გარეჯთან დაკავშირებით ატეხილი, ცრუ პატრიოტიზმით გაჟღენთილი აჟიოტაჟი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ზოგი ვერც კი იაზრებს, რას აკეთებს”
ექსპერტი ამირან სალუქვაძე ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ანალიტიკურ პოსტს აქვეყნებს.
“რამდენიმე ცხელი თემაა: – ე.წ. სამხედრო მიუმხრობლობა; – ორმხრივი სამხედრო ხელშეკრულების შესახებ; – დავით გარეჯის და საზღვრების გარკვევის საკითხი.
1. უამრავი სინონიმი შეგვიძლია მოვიგონოთ – “სამხედრო მიუმხრობლობა”, “ნეიტრალიტეტი”, “უბლოკო სტატუსი” და ა.შ. არსი ერთი და იგივეა, მიზანიც ცხადზე ცხადია. თუმცა მივყვეთ ლოგიკურად.
როცა ელცინმა, კრავჩუკმა და შუშკევიჩმა დსთ-ს შექმნას ხელი მოაწერეს, ჩვენთვის არ დაუძახიათ, არ ჩაგვთვალეს თანატოლად, რათა რაიმე პირობები შემოეთავაზებინათ. ამის ნაცვლად, რუსეთმა ომში გაგვხვია, მოტყუებით მოგვიგეს (ხომ გახსოვთ ცეცხლის შეწყვეტა, განიარაღება და შემდეგ რაც მოხდა?) და დსთ-ში ძალად შეგვტენეს. ეს ისე, უახლესი ისტორია ორ წინადადებაში.
რუსეთისთვის იმაზე მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა, რაც გავაკეთეთ აფხაზეთის ომის შემდეგ?! საქართველო 1993 წელს შევიდა დსთ-ში, შემდეგ კუხო-ში (ОДКБ), 1994 წლის თებერვალში ჩარჩო ხელშეკრულება გააფორმა რუსეთთან “მეგობრობის და თანამშრომლობის შესახებ”, რომლის ცალმხრივი რატიფიცირება 1995 წელს მოახდინა, რუსეთმა კი ჩარჩოც და ხელშეკრულებაც დამტვერილ თაროზე შემოდო. უკრაინამ ჩვენზე 3 წლით გვიან, 1997 წელს გააფორმა ჩარჩო ხელშეკრულება და უკვე 1999 წელს ორთავე მხარემ მოახდინა რატიფიცირება. უკრაინას ვერც ამ ხელშეკრულებამ უშველა, ვერც ბუდაპეშტის დეკლარაციამ. ისე, დსთ-დან მგონი დღემდე არ გამოსულა, ხოლო “ჩარჩოს” ვადა ამოეწურა და ძალადაკარგულია.
რუსეთს რომ ჩარჩო ხელშეკრულების რატიფიკაცია მოეხდინა, აფხაზეთის და ცხინვალის სამხედრო მხარდაჭერის და სხვა მტრული ქმედებების ნაცვლად, მოლაპარაკებებისკენ წაეყვანა სამშვიდობო პროცესი და თუნდაც 92-93 წლების მტრული ქმედებების შემდეგ, ტერიტორიული მთლიანობის ფაქტორით შევეკავებინეთ, სად ვიქნებოდით ახლა, ნატოსთან თუ რუსეთთან?
ნეიტრალიტეტი და მსგავსი სტატუსები, შვეიცარიის, ავსტრიის თუ ფინეთის მსგავსად, საქართველოს პირობებში შეუძლებელიცაა და ძალიან სახიფათოც. შეუძლებელია იმიტომ, რომ ნეიტრალიტეტი (უბლოკო სტატუსი ან სხვა) შესაძლებელია მხოლოდ იმ კონკრეტულ რეგიონში მოქმედი ძირითადი მოთამაშეების შეთანხმების საფუძველზე. ჩვენს შემთხვევაში, აშშ, რფ, თურქეთი და სხვები უნდა შეთანხმდნენ. შესაძლებელია? არა. სახიფათოა კი იმ მიზეზით, რომ ნეიტრალიტეტის, უბლოკო თუ სხვა სტატუსის გამოცხადების შემთხვევაში, ვრჩებით ერთი-ერთზე რუსეთთან. შეიძლება თუ არა მისი ნდობა, ზემოთ უკვე აღვწერე.
ნატოზე უარის თქმით ჩვენ ვკარგავთ აქამდე მიღწეულს. როცა ისევ მოვისურვებთ ისრის შემობრუნებას, ნატოსთან ურთიერთობას დავიწყებთ ცარიელი ფურცლიდან. თუმცა ერთი რამეა მაინც მთავარი: არავინ არაფერს გვთავაზობს ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ და ჩვენ რატომ ვდებთ “პოდნოსზე” ყველაფერს, რაც გვაქვს?! ერთი WTO გვქონდა და რისთვის ჩავახუტეთ, გაუგებარია. რუსეთი რომ ამ ნაბიჯს ვერ შეაფასებდა და არ შეასრულებდა შეთანხმებას, არ იყო ცნობილი? ახლა გამოვაცხადებთ ნეიტრალიტეტს და რას მივიღებთ? ვერაფერს! კრემლში თუ ჩვენი ნეიტრალიტეტი სურთ, არ იციან, ამისათვის რა ნაბიჯები უნდა გადადგან?
ნატოზე არავის ამოგვდის მზე და მთვარე. დაგიჩემებიათ რუსეთის პროპაგანდის მიერ შემოგდებული ფრაზები “ლიბერასტები”, “ქართველობას გვართმევენ” და ა.შ. 200 წელი გვართმევდა ჩრდილოელი მეზობელი ქართველობას, ავტოკეფალია გაგვიუქმა, ენას გვიზღუდავდა და ა.შ. ვერც დასავლეთი წაგვართმევს, ხელს თუ გავანძრევთ, შვილებს გავაჩენთ და ა.შ.
რუსეთთან ურთიერთობაში ელემენტარული დიპლომატიის საფუძვლების ცოდნა მაინც უნდა გამოვიყენოთ. რა გარანტიების საფუძველზე ვჩუქნით მიუმხრობლობას, ნეიტრალიტეტს თუ უბლოკო სტატუსს?
2. დიდი ხმაური გამოიწვია პრეზიდენტის პასუხმა საქართველოში ამერიკის ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. ახალი კონსტიტუცია ხომ გაქვთ წაკითხული? ხომ იცით რომელი ორგანო წყვეტს უცხო ბაზების განთავსების საკითხს? ჰოდა, რატომ ნერვიულობთ? რაც შეეხება ბაზის განთავსებას, მას წინ უძღვის ორმხრივი ხელშეკრულება სამხედრო დახმარების შესახებ, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს ბაზის განთავსებას, ან არ ითვალისწინებდეს. ჯერ მგონი, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამ თემის ირგვლივ ზედმეტი აჟიოტაჟი არ მიმაჩნია მომგებიანად.
3. დავით გარეჯთან დაკავშირებით ატეხილი, ცრუ პატრიოტიზმით გაჟღენთილი აჟიოტაჟი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ზოგი ვერც კი იაზრებს რას აკეთებს, ზოგიერთი კი, ალბათ, განზრახ ქმნის პრობლემას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სათითაო განცხადებას, სათითაო პირის როლს ვერ ვხედავთ, ვერ ვაფასებთ, ძალიან გეშლებათ. ცოტა გონს მოდით.
რაც შეეხება ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებას, თითქოს აზერბაიჯანთან საზღვრის მოწესრიგების მიმართულებით წინა ხელისუფლების დროს არსებობდა პოზიტიური დინამიკა და ამ ხელისუფლების პირობებში შეფერხდა, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ყველაფრით მანიპულირება შეიძლება? მგონი ისიც დაგავიწყდათ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სამონასტრო კომპლექსის ნაწილი სწორედ 2012 წელს, 6 მაისს დაიკავეს. 2007 წლამდე აზერბაიჯანთან საზღვრის 2/3 დაზუსტდა, თუმცა ამ პერიოდიდან დღემდე დელიმიტაციის პრობლემაა. მთლიანობაში, თუ არ ვცდები, დღეს საზღვრის 1/3-ია გაურკვეველი.
მთავარი პრობლემა ზუსტად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსია, რომელი მონაკვეთის მოგვარება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ვერ ხერხდება. ვერ მოაგვარა ვერც დამოუკიდებელი საქართველოს წინა ხელისუფლებებმა. პრობლემა იმაშია, რომ აღნიშნულ კომპლექსს აზერბაიჯანი საკუთარი კულტურის ნაწილად აღიქვამს. რა თქმა უნდა, ეს საკითხი კომისიურად, კვლევების თანახმად უნდა გაირკვეს. აზერბაიჯანთან პრობლემური სხვა მონაკვეთებიცაა, რომელთა ნაწილი ფეხს 70-იანი წლებიდან იკიდებს.
როგორც სხვა შემთხვევებში, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არ აღმოჩნდა მზად, მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხები ერთიანი ძალისხმევით მოაგვაროს. მოკლედ, კომისიები განახლდება, მუშაობას შეუდგებიან და ვნახოთ, რა შედეგებს მოიტანს”, – წერს სალუქვაძე.