მამკოდაში მდინარის მეორე ნაპირზე დარჩენილი მოქალაქეები უვნებლად გადმოიყვანეს (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მამკოდის მიმდებარედ, ძლიერი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე დარჩენილი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადმოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძლიერი ნალექის შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე შერჩენილთა შორის არასრულწლოვნებიც იყვნენ.
სამაშველო ოპერაციაში 25 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. სამაშველო თოკებისა და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით, მოქალაქეების გადმოყვანა უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით განხორციელდა. ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.