ბათუმის მეშვიდე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ბათუმის მეშვიდე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფესტივალის დამფუძნებელი ელისო ბოლქვაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კანდელაკი.
გასული წლის მსგავსად, წელსაც, ფესტივალი იუნესკოს მაღალი პატრონაჟით ტარდება. ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წელს „Batumi Black Sea Music and Art Festival“ 1-10 სექტემბერს გაიმართება. ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის, ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ესტუმრებიან.
დაარსების დღიდან ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა. მასტერკლასების ფორმატში საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდებით ხდება, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების მუსიკალური ცნობიერების ამაღლებას.
ფესტივალში მონაწილეობის მიღება მუსიკოსებს საქართველოს ყველა რეგიონიდან შეუძლიათ. გამორჩეულნი მიწვეული იქნებიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, 300-მდე ახალგაზრდის მონაწილეობით, დაგეგმილია მუსიკალური არტ-ბანაკის ჩატარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები