ზვიად ძიძიგური ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებს შეხვდა, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ვიცეპრეზიდენტი, მილან სტეჩი ხელმძღვანელობს.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი – ნინო გოგუაძე, მეგობრობის ჯგუფის წევრები – გიორგი ხატიძე და დავით სონღულაშვილი ესწრებოდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველო-ჩეხეთის როგორც პოლიტიკური, ისე – ეკონომიკური ურთიერთობები.
სტუმრები საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემდგომი პერსპექტივით დაინტერესდნენ და მზადყოფნა გამოთქვეს სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების, სავაჭრო მოცულობის გაზრდისა და ინვესტორების დაინტერესების მიმართულებით ჩაერთონ, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის მთავარი წარმომადგენლობითი ორგანოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებულად მაღალი დონე და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის როლი ამ პროცესში.
„ჩვენ, ისევე როგორც ჩეხეთის რესპუბლიკა, ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და, აქედან გამომდინარე, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ მთავრობას სხვადასხვა მიმართულებით. ეს პოლიტიკური ურთიერთობები, რაც ჩვენს პარლამენტებს შორის არის, შესაძლებელს ხდის ამის მატერიალიზებასა და ორი ქვეყნის მთავრობების ურთიერთობების კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას”,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო სენატის ვიცეპრეზიდენტთან, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, დეპუტატებთან. მიმდინარე წლის ივნისის თვეში ჩეხეთში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტია დაგეგმილი. ვფიქრობ, ასეთი მაღალი დონის ვიზიტები ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ძალიან წაადგება”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები