ოზურგეთში ახალი დასასვენებელი პარკი გაიხსნა. პარკი ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე მდებარეობს.
როგორც პარკის გამწვანების უფროსმა, ნუკრი ჭიღლაძემ განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადრე ჭაობი იყო.
„დიდი სამუშაოები ჩატარდა. ბაღში გაფართოვდა პატარა ტბა, გარშემო დაირგო ტირიფები, ბამბუკები და სხვა ხე-მცენარეები. პარკი ორიარუსიანია. მეორე იარუსზე, დაახლოებით, 50 მეტრ სიმაღლეზე კიბეები გაკეთდა, საიდანაც დამსვენებელს ზღვის პეიზაჟის ნახვა შეეძლება. პარკის მეორე დონეზე ახალი მანდარინების ბაღი გაშენდა. იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატური. ეს ჩვენი მხარისა და მომავალი თაობისთვის ნამდვილი საჩუქარია”, – განაცხადა ნუკრი ჭიღლაძემ.
პარკი დამთვალიერებლისთვის ყოველდღე, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ღია იქნება. პარკის კეთილმოწყობა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა.