ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე 2,3 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„თამარ მეფის ქუჩა, რუსთაველის ქუჩიდან იწყება და დ. ჯანაშიას ქუჩას უერთდება. სარეაბილიტაციო ქუჩა მჭიდროდ დასახლებულია და ქალაქ ზუგდიდის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვან არტერიას წარმოადგენს. თამარ მეფის ქუჩაზე არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი ძლიერ დაზიანებული იყო, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებით ხდებოდა. დაზაინებული გზა, მტვრისა და ხმაურის გამო ავტოტრანსპორტთან ერთად, დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტობის საფარი, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელები, მოეწყობა მიერთებები, ადგილობრივი შესასვლელები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ბორდიურები, გაზონები და ტროტუარები. ასევე, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. ამ დროისთვის, თამარ მეფის ქუჩაზე გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს“,- აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შპს „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.
„პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 5 373 372 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ნოემბერში დასრულდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მიმდინარე წელს, ქ. ზუგდიდში სულ 9 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს. სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, რაც ზუგდიდის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით“,- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები