ქართულ-ამერიკული მხარის თანამშრომლობით, მცხეთა-მთიანეთში წყალმომარაგება ოთხი სოფლის მოსახლეობას გაუუმჯობესდება

მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში – კოტორაანთკარში, ანანურში, ციხისძირში და გორანაში სასმელი წყლის სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ „კვირას“ მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან ანობეს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში სოფლებში სათავე ნაგებობები, ჭაბურღილები და მაგისტრალური ქსელი მოეწყობა. შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება 407 300 ლარს შეადგენს.
წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ მხარდაჭერით და ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის „LDS Charities” დაფინანსებით ხორციელდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების პრინციპით.
„ქართული და ამერიკული მხარეების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად წყალმომარაგება რეგიონის კიდევ ოთხი სოფლის მოსახლეობას გაუუმჯობესდება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს თანადგომისთვის და სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოვხატო“, – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.
ამერიკული დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით წყლის პროექტები არმაზის დასახლებაში, ქსოვრისში, ახალდაბაში, აღდგომლიანთკარში, ბიწმენდში, ნავდარაანთკარში, ოძისში, ბულაჩაურში, ჩანადირთკარში, ჟებოტაში და თეგერაანებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები