დავით ზალკალიანი ლილიან მორი პასკიეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), პრეზიდენტს, ლილიან მორი პასკიეს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობას და ხაზი გაესვა ორგანიზაციის წევრობის 20 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ ორგანიზაციის ფასეულობებისა და პრინციპების ერთგულებას, რაც ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიის განმტკიცებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ამ მხრივ, ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშისა და მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელიც ყოველწლიურად მიიღება კომიტეტის დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში” ფარგლებში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეების უკანონო დაკავების, წამებისა და მკვლელობის ტრაგიკულ ფაქტებზე და მათზე საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე. მინისტრმა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფორმატში არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის – საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელსაც ქვეყანა 2019 წლის ნოემბერში ექვსი თვის ვადით გადაიბარებს, ასევე, განიხილეს ევროპის საბჭოს დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 29-30 აპრილს ეწვია საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების ოცი წლისთავისადმი მიძღვნილ საგანგებო საპარლამენტო სესიაში მონაწილეობის მისაღებად.