სანდრა რულოვსი ჟურნალისტების მიმართ მიხეილ სააკაშვილის მუქარაზე: შეიძლება, ემოციის დროს რაღაც თქვა
“შეიძლება, ემოციის დროს რაღაც თქვა”, – ასე უპასუხა ზუგდიდის მერობის “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა, სანდრა ელისაბედ რულოვსმა ჟურნალისტებს იმის შესახებ, რომ ბოლო დროს ექსპრეზიდენტის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ მუქარა და შეურაცხყოფა გახშირდა.
სანდრა ელისაბედ რულოვსის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის მედიის ძალა და რომ ის არასდროს გაურბის განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტებთან ურთიერთობას.
“მე არ ვიყავი შეხვედრაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო აგიტაციისა და შეხვედრების დროს ყველას უნდა მიეცეს აზრი გამოთქმის საშუალება.
მიშა ჟურნალისტებთან ყოველთვის კარგად არის და მან კარგად იცის მედიის ძალა. პირიქით, ყოველთვის ცდილობს, სხვადასხვა აზრის მქონე მედიასთან ჰქონდეს ურთიერთობა. შეიძლება ემოციის დროს რაღაც თქვა, მაგრამ მე ვიცი მისი დამოკიდებულება მედიასთან, რაც არის ძალიან დადებითი”, – განაცხადა მერობის “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში დევნილებს სკაიპის საშუალებით პირდაპირ ეთერში ჩაერთო, სადაც მედიის წარმომადგენელმა, მალხაზ ბასილაიამ კითხვის დასმა ითხოვა, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს.
“თქვენ ხართ ნარკომანი, კრიმინალი და უსაქმური. გაიპარსე, ცოტა მოწესრიგდი და მერე დამელაპარაკე. არ ინერვიულოთ თქვენ….ცოტა უფრო დავარცხნილი ხალხი გამოუშვან ხოლმე, რა ყველა ერთი სახით არის, გეგონება, ყველა ერთი ყალიბიდან არის ჩამოსხმული”, – ამ სიტყვებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს მიმართა.
ექსპრეზიდენტმა ბასილაიასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ შეკრებილ მხარდამჭერებს პირობა მისცა, რომ ზუგდიდში, შუალედურ არჩევნებში სანდრა რულოვსის გამარჯვების შემთხვევაში, ყველა ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტს მედიას ჩამოაშორებენ.