ეკა ბესელია: ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ დამორჩილებული სასამართლო სისტემა არავისთვის არის შედეგის მომტანი
“ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ, საბოლოოდ, დამორჩილებული სასამართლო სისტემა არასოდეს არავისთვის არის შედეგის მომტანი”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ეკა ბესელიამ “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.
ბესელიას განცხადებით, პროექტი ვენეციის კომისიისა და ეუთო-ს რეკომენდაციების სულისკვეთებას გამოხატავს.
“ჩემდა სამწუხაროდ, ამ მოჯადოებულ წრეზე მერამდენედ შედგა ქვეყანა…ვერცერთმა ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ, საბოლოოდ, დამორჩილებული სასამართლო სისტემა არასოდეს არავისთვის არის შედეგის მომტანი იმიტომ, რომ იცვლება ყველაფერი და იცვლება სწრაფად. დღეს ხელისუფლებაში ვინც არის, იქნება ხვალ ოპოზიციაში, ან ოპოზიციაშიც არ იქნება და სადაც იქნება იქ გაჰყვება ეს სიმძიმე. დამოუკიდებელი სასამართლო სჭირდება ხელისუფალსაც, ოპოზიციასაც, ნებისმიერ მოქალაქესაც – სადაც უნდა იყოს იგი. ამიტომ, ამის გაცნობიერება არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.