ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები წელს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, 15 აპრილს დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული გზის 22-ე და 25-ე კილომეტრებზე ჩამოსული იყო დიდი ზომის ლოდები.
„22-ე კმ-ზე ჩამოსული ლოდების გაწმენდა უკვე დასრულდა, ხოლო 25-ე კილომეტრზე ჩამოსული დიდი ზომის ლოდების დასაშლელად საჭიროა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება. ამ დროისთვის, აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები 3-4 დღეში დასრულდება. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ18 – კმ72 მონაკვეთი გადის რთულ კლდოვან რელიეფზე, სადაც საუღელტეხილო მონაკვეთი გზის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს, გზის სავალი ნაწილის სიგანე კი 5 მეტრამდეა, რაც ართულებს ავტოტრანსპორტის მიმოსვლას.
აღნიშნული მონაკევთის გაწმენდა, რთული კლიმატური და რელიეფური პირობების გამო, ზამთრის პერიოდში ვერ ხერხდება და შესაბამისად საავტომობილო მიმოსვლა ზამთრში აკრძალულია. სხვა პერიოდში კი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კონტარქტორი ორგანიზაცია აქტიურად გააგრძელებენ სამუშაოებს, რათა თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგეს“,- აცხადებენ დეპარტამენტში.
ცნობისთვის, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სატრანსპორტო გზად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები