“დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა არა ამოწურული”, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
დეპუტატის შეფასებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კარგად იმუშავა და კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემა გადაწყვიტა.
“პერიოდულად, ასეთი პრობლემები თავს იჩენს და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გარკვეულ დღესასწაულებიც შეესაბამება. პრობლემა რამდენიმე საათში აღმოიფხვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოიწურა. კომისიები, რომლებიც დემილიტარიზაციის საკითხზე მუშაობენ, უნდა გააგრძელონ მუშაობა და შედეგები უნდა ვნახოთ. ეს არის გამოსავალი, ასეთი ცუდი შემთხვევის პრევენცია მოახდენს “, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ოთხი დღის განმავლობაში დავით გარეჯის ლავრიდან მრავალმთის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკების ბლოკირება აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მოახდინეს, რის გამოც იქ სასულიერო პირებსა და დავით გარეჯის სტუმრებს გადაადგილება შეეზღუდათ. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს.
ფაქტთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გახსნას პუნქტები, რომლებიც იმ დროისთვის იყო დაკეტილი.